"ალიანსი საქართველოსთვის" ე.წ. "მოდულის" შენობაში „მუდმივი წესით" 2 173 სამხედრო მოსამსახურის დისლოცირებას აპროტესტებს. ამის შესახებ "ალიანსის" მაჟორიტარმა კანდიდატმა მამუკა კაციტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
კაციტაძემ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილის შალვა ჯანაშვილის წერილი გააცნო, რომელიც ჯანაშვილმა ვაკის 2 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კონსტანტინე ამირაჯიბს გაუგზავნა. წერილის თანახმად, ე.წ. "მოდულის" შენობაში, 30 მაისის არჩევნებზე 2 173 სამხედრო მოსამსახურე იქნება დისლოცირებული.
"შესაბამისი დისლოკაციის ადგილზე 2010 წლის 30 მაისის არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით ერთი წლით ან წელზე მეტი ვადით არიან განთავსებულნი". (საქართველოს საარჩევნო კოდექსი" მე-10 მუხლის მე-4' პუნქტი, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „გ" ქვეპუნქტისა და მე-10' პუნქტი)", - ნათქვამია ხსენებულ წერილში.
კაციტაძის განცხადებით, ეს „შესაბამისი დისლოკაციის ადგილი" ამ საარჩევნო ოლქის საზღვრებში, წარმოადგენს ე.წ. "მოდულის" შენობას, რომელიც თავის მხრივ, შსს-ს ექვემდებარება.
"სხვადასხვა დროს არჩევნებზე ამ უბანზე, ე. წ. „დახურულ უბანზე" სხვადასხვა ოდენობის ამომრჩეველი იყო მიწერილი: 2004 წელს ეს რიცხვი 517 იყო, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს - 1 257, წელს კი ეს რიცხვი 916 - ით გაიზარდა და შსს მინისტრის მოადგილის წერილზე დაყრდნობით ახლა 2 173 - ს შეადგენს", - აღნიშნა კაციტაძემ.
მისივე თქმით, "მუდმივი წესით" ერთსა და იმავე ადგილას განთავსება, ყაზარმულ რეჟიმში ყოფნას ნიშნავს, რაც გულისხმობს, რომ ეს ადამიანები, 2 173 სამხედრო მოსამსახურე მითითებულ ადგილას უნდა ცხოვრობდეს, ამისთვის საჭირო ყველა პირობის გათვალისწინებით: ძილი, კვება და შესაბამისი ცხოვრებისეული პირობებით უზრუნველყოფა. კაციტიაძის განცხადებით კი, სამხედრო მოსამსახურეთა ყოველივე ხსენებული მომსახურებით უზრუნველყოფა მითითებულ ადგილზე ფიზიკურად შეუძლებელია.
"მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო და ვაკის საოლქო კომისიებს და მოვითხოვთ გამოიყოს სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეისწავლის, შესაძლებელია თუ არა „მოდულის" შენობაში „მუდმივი წესით" 2 173 სამხედრო მოსამსახურის დისლოკაცია", - განაცხადა კაციტაძემ..