ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი მფლობელი, მაკა ასათიანი თბილისში ჩამოდის. როგორც ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განაცხადა, ასათიანის ჩამოსვლა „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
ასათიანი ხვალ ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
რაც შეეხება არხის გენერალური დირექტორობიდან გადაყენებულ ბაია გადაბაძეს, იგი აცხადებს, რომ ხვალ, მაკა ასათიანი არხის თანამშრომლებს შეხვდება.
„მაკა ასათიანი ჩამოდის იმისთვის, რომ ზუსტად დეტალებზე დავილაპარაკოთ. ის აპირებს რომ შეხვდეს „მაესტროს“ თანამშრომლებს, ჩვენი განცხადებები იქნება ერთობლივი თუ ცალ-ცალკე ამას დავგეგმავთ მაკას ჩამოსვლის შემდეგ. - განაცხადა „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ.
ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე გახდა. მან ტელეკომპანიის 55%-იანი წილი შეიძინა, რასაც არხის წილებთან დაკავშირებით დავა მოჰყვა. ბაია გადაბაძის გადაყენების შემდეგ, არხის გენერალური დირექტორის თანამდებობა მან საკუთარ ძმას, ლევან გაჩეჩილაძეს შესთავაზა.