5 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში ადრეული რეგისტრაციის პროექტის პრეზენტაციას გამართავს.
ადრეული რეგისტრაციის ფარგლებში, სტუდენტები, რომლებიც 15 თებერვლიდან 15 მარტამდე შეიტანენ საბუთებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და წარმატებით გაივლიან შერჩევის პროცესს, პირობითად ჩაირიცხებიან SDSU-ში და ავტომატურად მიიღებენ ნაწილობრივ დაფინანსებას უნივერსიტეტისგან.
პრესკონფერენციას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ფატიმა სუმარი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს დეკანი კენ უოლში.
პრეზენტაციაზე, ასევე, გამოცხადდება ახალი საბაკალავრო პროგრამის დაწყების შესახებ კომპიუტერულ მეცნიერებებში. 2016 სასწავლო წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს შესთავაზებს ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს კომპიუტერულ მეცნიერებებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტრულ ინჟინერიასა და ქიმია/ბიოქიმიაში. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი სემეტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ SDSU-ს კალიფორნიის კამპუსში. პროგრამის პარტნიორები საქართველოში არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს.
აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას.
პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.