ოჯახი და გარემო
ვერიკო ანჯაფარიძე დაიბადა ქუთაისში. ბაბუა, გრიგოლ ანჯაფარიძე, იყო გამოჩენილი იურისტი; მსახიობის მამა, ივლიანე ანჯაფარიძე, კი - ნოტარიუსი; მამიდა, ლიდია გრიგოლის ასული ანჯაფარიძე, გათხოვილი იყო რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორ გიორგი ქორქაშვილზე, მეორე მამიდა, მარიამ გრიგოლის ასული ანჯაფარიძე, კი - აზნაურ გიორგი გეგელიაზე. ვერიკო ანჯაფარიძის დედა, მარიამ გიორგის ასული მესხი, იყო შთამომავალი მესხების იმ გამოჩენილი ოჯახისა, რომელმაც ქართულ კულტურას შესძინა სერგი, კოტე, ეფემია, ივანე და დავით მესხები.
თეატრის სამყაროს დედამ აზიარა. მარიამი ახალგაზრდობაში ქართულ სცენაზე თამაშობდა კოტე მესხის რეჟისორობით, შემდეგში კი ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას ხელმძღვანელობდა. ასე რომ, ანჯაფარიძეთა ოჯახში თეატრი ცხოვრების წესი და სტილი იყო. თავადაც ასე იგონებდა დიდი მსახიობი: „ათი წლისას, დაბადების დღეს, მამაჩემმა მაჩუქა „თეატრი”. ერთ ღამეში ჩვენი ბინის სადარბაზო ოთახში ააშენეს პატარა სცენა მთელი თავისი მოწყობილობით: წინა ფარდით, დეკორაციით, განათებით. ამ სცენაზე ჩემს ტოლებთან ერთად ვდგამდი „წარმოდგენებს”, პიესების სიუჟეტებს თვითონვე ვთხზავდით, მაყურებელიც ბლომად გროვდებოდა. ჩემ მიერ დადგმულ წარმოდგენებში ვთამაშობდი უეჭველად ბიჭს, რომელიც ამარცხებს დევს ან ვეშაპს. როცა წამოვიზარდე, უკვე ვთამაშობდი გმირებს, რომლებიც თავგანწირვით იბრძვიან და იმარჯვებენ”.
ასე წამოვიდა ქართული თეატრისაკენ პატარა ვერიკო თავისი გულწრფელობითა და არჩეული პროფესიის სიყვარულით, თავგანწირვით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მსახიობად იყო დაბადებული!
პატარა ვერიკო და დიდი აკაკი
მეოცე საუკუნის შემობრძანება ქუთაისის ინტელიგენციამ საღორიის ტყეში აღნიშნა. როგორც ვ. ანჯაფარიძის დიდი მკვლევარი ნათელა ურუშაძე თავის მონოგრაფიაში „ვერიკო ანჯაფარიძე” რუსუდან მიქელაძის მოგონებაზე დაყრდნობით წერს, სტუმართა შორის ბრძანდებოდაო ქართველი ერის უგვირგვინო მეფე აკაკი წერეთელიც. „უეცრად გამოჩნდა პატარა გოგონა. ისიც წამოეყვანათ ამ დღესასწაულზე. ასაკმა და მომხიბვლელობამ გოგონა ერთბაშად აქცია მთელი საზოგადოების ყურადღების ცენტრად. დიდმა მგოსანმა ხელში აიყვანა იგი და საყოველთაო დასტურითა და სიხარულით ახალი საუკუნის კეთილ ფერიად გამოაცხადა - შენ უნდა ასახელო ჩვენი საყვარელი სამშობლო მეოცე საუკუნეში, კარგად დაიხსომე!
ვინ იცოდა მაშინ, რომ საუკუნის დამდეგს ამ ქვეყნად მოვლენილი ეს პატარა გოგონა ამ საუკუნის ლამის დამლევამდე ივლიდა ქართული თეატრის რთულ გზაზე და მთაწმინდაზე დაიდებდა სავანეს, როგორც უდიდესი მსახიობი-მოღვაწე” - ნ. ურუშაძე.
გზის დასაწყისი
პატარა ვერიკოსათვის პირველ დიდ თეატრალურ შთაბეჭდილებად იქცა ალექსანდრე იმედაშვილის ოტელო. აკი თვითონაც იგონებდა: მას შემდეგ, რაც ვნახე „ოტელო”, არ მახსოვს ჩემი ცხოვრების ისეთი პერიოდი, როდესაც გატაცებული არ ვყოფილიყავი თეატრით”. გავა დრო და 18 წლის ვერიკო გამოცდებს ჩააბარებს ს. აიდაროვის დრამატულ კურსებზე. მისი პირველი პედაგოგი იყო ილარიონ პევცოვი, რომელმაც შეუღო იმ საიდუმლო სამყაროს კარი, თეატრი რომ ჰქვია. ახალგაზრდა ხელოვანს ჰქონდა ნათლად გამოკვეთილი მიზანი: „მინდა, საკუთარი, მშობლიური რამ ვითამაშო ქართულ ენაზე. მე ხომ იმიტომ ვმეცადინეობ, რომ განათლება მივიღო და შემდეგ მშობლიურ სცენას ვემსახურო”.
დაბრუნება და უიღბლო ქორწინება
1918 წელს მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა ვერიკო ანჯაფარიძე. სცენაზე გამოჩნდა თუ არა, მისი სახელი ყველამ გაიგო. ის მალევე ცოლად გაჰყვა გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეს, ეროვნულ-დემოკრატს, პოეტსა და პუბლიცისტს – უკომპრომისობით განთქმულ შალვა ამირეჯიბს… ვერიკო ჯერ კიდევ ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა, თავისზე 11 წლით უფროსი შალვა ამირეჯიბი რომ გაიცნო. სწორედ მისი მეშვეობით დაუახლოვდა იგი ცისფერყანწელებს. როგორც იგონებენ, ჯვარი ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლის პირდაპირ მდებარე პატარა ეკლესიაში დაუწერიათ, საქორწილო სუფრაც ყიფიანების ეზოში გაშლილა, მაგრამ ეკლესიიდან გამოსულ ვერიკოს გული შეუღონდაო… ცუდად ენიშნათ, ყველამ სხვადასხვანაირად ახსნა, თუმცა თავად ფაქტი აშკარად ცუდის მომასწავებელი ნიშანი იყო.
როგორც წერენ, ვერიკო აღტაცებული ყოფილა შალვა ამირეჯიბით, გატაცებით უსმენდა, უდიდეს პატივს სცემდა, მაგრამ ვერ შეიყვარაო… უყვარდა მიხეილ ჭიაურელი და ცოლად გაჰყვა შალვა ამირეჯიბს (!) ამბობენ, ეს ქორწინება მამის უკანასკნელი სურვილი და თხოვნა იყოო. შეეძინათ ქალიშვილიც, რომელიც ჩვილობაშივე აღესრულა. მოსალოდნელ გაყრას თავად ამირეჯიბიც გრძნობდა: „ამბობენ, რომ ჯერ ბავშვი ხარ, / არ შემრჩები დიდხანს ცოლად. / მე არ მინდა დავიჯერო, / ნათქვამია ჭორის ტოლად”, – ვკითხულობთ მის მიერ ვერიკოსთვის მიძღვნილ ერთ-ერთ ლექსში.
შ. ამირეჯიბმა სიცოცხლის ბოლომდე ატარა ეს სიყვარული, როგორც ამბობენ, არც ემიგრაციაში წასულს შეურთავს ცოლი… „თქვენ სიყვარულზე მითხარით „არა” / და მომიხურეთ გულის კარები, / მაგრამ მე მაინც ტკბილ არმაღანად / მოგართვით ლურჯი მინანქარები”. – წერდა შალვა ამირეჯიბი… (1920 წელს გამოვიდა მისი ლექსების ერთადერთი კრებული სათაურით „მინანქრები”).
სიყვარულის დაბადება
1918 წელი ვერიკოს სამშობლოში დაბრუნების წელია. ეს იყო დრო, როცა საფრანგეთიდან ახლადჩამოსული გიორგი ჯაბადარი დასს აგროვებდა, თეატრ-სტუდიას აყალიბებდა. ვ. ანჯაფარიძე ამ სტუდიის საიმედო ძალა იყო. სწორედ გიორგი ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში, საგარეჯოში, პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ვერიკო და მიხეილ ჭიაურელი. ვერიკოს უკვე კარგად იცნობდნენ თეატრალურ წრეებში. 24 წლის მ. ჭიაურელს მისი სახელის ხსენებაზე გულის ცემა გახშირებია, მანამდე არ ჰყავდა თურმე ნანახი. თავად ასე იხსენებდა: „მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯებით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა. ვერ გაიგებდი, თვალებით ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა... ყველას მოგვესალმა და მე მომეჩვენა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი... და ვხედავდი მხოლოდ მას! ეზოში მწვანეზე ჩამოვსხედით ყველა. მოხდა ისე, რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა! ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშანავდა ეს... ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობს სთხოვა, რამე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა. სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც... „ვთხოვ, იქნებ, დამიჯეროს”,- გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი, - მეც გეხვეწებით-მეთქი. მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო... რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე, არ ვიცი... რა ახლოს იყო მისი ხელი დაბლა... ვერაფერს ვგრძნობდი... მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე”...
გენიალური კონფლიქტი
გავა კიდევ რამდენიმე წელი და 1923 წელს ერთმანეთს შეხვდება ორი დიდი ხელოვანი, თეატრისთვის დაბადებული ორი შემოქმედი, ორი გენია - ვერიკო ანჯაფარიძე და კოტე მარჯანიშვილი და დაიწყება ქართული თეატრის „ოქროს ხანაც”.
მათი შეხვედრა და გაცნობა კონფლიქტით დაიწყო:
მისალმების შემდეგ ვერიკომ შეკითხვით მიმართა მარჯანიშვილს
– მიმიღებთ უკან?
– თქვენზე ზღაპრებს ჰყვებიან, მაშასადამე, ვალდებული ვარ!
ვერიკომ იგრძნო ქვეტექსტი, მიუხვდა ირონიას მარჯანიშვილს და სიტყვაც არ დაამთავრებინა
– თქვენ შესახებაც ჰყვებიან!
აქ უკვე მარჯანიშვილი წამოენთო
– რას ჰყვებიან?
– რომ თქვენ დიდქტატორი ხართ, თრგუნავთ მსახიობს!
– ახლავე გაეთრიე - დაიღრიალა წონასწორობა დაკარგულმა მარჯანიშვილმა
როგორც ნ. ურუშაძე წერს, ნებისმიერი კონფლიქტი ვერიკოსათვის ადამიანის ხელახალი აღმოჩენა იყო. ამიტომაც არ აკლდა დიდი მსახიობის ცხოვრებას სკანდალები. კაცმა რომ თქვას, ამის გარეშე ინტერესს დაკარგავდა ცხოვრება თეატრში!!!
დაბადების თარიღისათვის
დაიბადა 1897 წლის 23 სექტემბერს (ძვ. სტილით), თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში დაბადების თარიღად 1900 წელი იყო მითითებული. როგორც ყველა ქალს, არც მას უყვარდა წლებზე საუბარი, მაგრამ გვაქვს ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ 1900 წელი მოგვიანებით ჩასწორებული თარიღია.
1986 წლის 1 სექტემბერს (5 თვით ადრე გარდაცვალებამდე) თეატრალური ინსტიტუტის სააქტო დარბაზში გაიმართა საზეიმო შეკრება მიძღვნილი სასწავლო წლის დაწყებასადმი. როცა ინსტიტუტის მაშინდელმა რექტორმა, ეთერ გუგუშვილმა, სიტყვა ვერიკო ანჯაფარიძეს მისცა, დარბაზი ფეხზე წამოდგა:
„თქვენ ფეხზე ადექით, რატომ? (პაუზა...) თუმცა, ვიცი, რატომ და სწორია რომ ადექით. თქვენ ადექით იმიტომ, რომ მე 88 წლის ვარ (რამდენიმე დღეში შეუსრულდებოდა 89 წელი, ამიტომ გამოიყენა ეს საშუალება და არ თქვა, 89 წლის ვარო) და აქ ვდგავარ, თქვენ წინაშე, მაგრად ვდგავარ და ეს ფეხზე მაგრად დგომა ასეთი უსასრულოდ გრძელი და ძნელი გზის დამლევს ის საკვირველებაა, რომლის წყაროც, საწყისიც და ახსნაც ისევ და ისევ თეატრია. მე არასოდეს არ მქონია თეატრისაგან გამიჯნული არც სახლი, არც კერა, არც სიცოცხლე, არც მიზანი... თეატრი დაკავშირებულია უდიდეს ტანჯვასთან, უდიდეს პიროვნულ დრამასთან, უდიდეს მსხვერპლთან. არც ერთი პროფესია არ მოითხოვს ადამიანისაგან ისეთ თავგანწირვას, ისეთ, შეიძლება ითქვას, ღალატს პირადი ცხოვრების, ოჯახისა და ახლობლებისას, როგორსაც - თეატრი. მე ხშირად თვალწინ დამიდგა ჩემი ოჯახი, შვილები, ჩემი სოფიკო, რომლებსაც რამდენი რამ მოვაკელი, რადგან მათ და არც მე თვითონ არ გვეკუთვნოდა ჩვენი დრო, არც გულისყური, არც სუნთქვა, არც სისხლი... ყველაფერს მოითხოვდა თეატრი, ყველაფერს ურჩხულივით ითვისებდა და ნთქავდა.
და, ამასთან ერთად, არცერთი სხვა პროფესია არ მოგანიჭებთ ისეთ ბედნიერებას, როგორსაც - თეატრი, იმიტომ რომ თეატრი, თქვენი საკუთარი ერთადერთი სიცოცხლის ნაცვლად, ათასი სხვა სიცოცხლით მოგამარაგებთ. თეატრი მოგანიჭებთ უნარს, ათასჯერ გაიმეოროთ თქვენი ცხოვრება, ათას ქვეყანაში, ათას ეპოქაში, ათასი სახით... მოგცემთ ბედნიერების ისეთ განცდას, რომელიც ათასჯერ აღემატება ჩვეულებრივს, ცხოვრებისეულს, ბედნიერებას, რომლის გამო სამუდამოდ თეატრის მონა ხდები: ყველაფერს თმობ ამ გაუმაძღარი, სასტიკი და ზებუნებრივი სიხარულის მომნიჭებელი სასწაულისთვის. და აი, მე, ამ უძნელესი და უბედნიერესი გზის ბოლოს მდგომი, დღეს გზას გილოცავთ თქვენ, ახალფეხშემოდგმულთ”.
არ წამიკითხავს და არც მომისმენია პროფესიის ასეთი შეფასება და ანალიზი. მსახიობის ეს გამოსვლა ნიმუშია აზრისა და განცდის უკვდავებისა!!!
ნიმუშის ესთეტიკა
ვერიკო ანჯაფარიძის მარად უჭკნობი ნიჭი და ტალანტი, მის მიერ განვლილი გზა თეატრში შეგვაგონებს მაღლ პროფესიონალიზმს, იმას, რომ მხოლოდ საქმისადმი სერიოზული და აკადემიური დამოკიდებულება განაპირობებს წარმატებას; რომ თეატრის (ზოგადად, პროფესიის) უსაზღვრო სიყვარულს, მისთვის თავგანწირვას და მსხვერპლშეწირვას შეუძლია მოგანიჭოს სრული ბედნიერება. ვ. ანჯაფარიძის ცხოვრება და შემოქმედება იყო პასუხი იმაზეც, რომ ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს ადამიანის სულიერ-ინტელექტუალურ ზრდას, თეატრი კი (როგორც თავად ამბობდა) - ადამიანის დიდებას!
მონატრება
მას არ ვიცნობდი, არ შევხვედრივარ, არც სცენაზე მინახავს... მაგრამ მთელი ბავშვობა გავატარე მისი და, შესაბამისად, თეატრის სიყვარულით, რადგან ჩემთვის ვერიკო თავად იყო თეატრი, დღესასწაული. მისი ყოველი გამოჩენა ტელეეკრანზე თავისი მკვეთრად გამორჩეული, შთამაგონებელი და შთამბეჭდავი ფაქტურით, განუყრელი სამაჯურით, რაღაც იდუმალს რომ თხზავდა მასში, დასამახსოვრებელი ინტონაციით, ჩემთვის იყო აუხსნელი ბედნიერება!
ვერიკო არ იყო გამორჩეულად ლამაზი, მით უფრო მაშინ, როცა მე ის მახსოვს, მაგრამ ყველაზე ლამაზ ქალად მიმაჩნდა. მას ჰქონდა გასაოცარი მომხიბვლელობა.
მე მიყვარდა ვერიკო ანჯაფარიძე
ამ სიყვარულს ისიც განაპირობებდა, რომ ვერიკო სახელოვანი შთამომავალი იყო მესხების ოჯახისა (სერგი, კოტე, ეფემია, ივანე და დავითი), რომელიც სოფელ რიონის სიამაყეა და მეც რიონელი ვარ.
არ ვიცნობდი, მაგრამ ყველაზე ახლობელ ადამიანად მივიჩნევდი. იყო რაღაც აუხსნელი ამ „შორით წვასა და დაგვაში”. 1987 წელის 30 იანვარი გათენდა. მთელი დღე ჩვენს სახლში ტელევიზორი გათიშული იყო. ჩავკირკიტებდი და ვაწვალებდი, მაგრამ ვერც ერთ არხს ვერ ვიჭერდი. მოულოდნელად ჩაირთო პირველი არხი, ზუსტად ის ნაწილი, როცა დიქტორი აცხადებდა, რომ გარდაიცვალა ვერიკო ანჯაფარიძე... სიუჟეტი დასრულდა და არხები ისევ გაითიშა! მერე სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებელმა გაკვეთილზე მითხრა: როცა ვერიკოს გარდაცვალება გამოაცხადეს, მაშინვე გავიფიქრე შენზე, ამას რაღა ეშველება-მეთქი!
მერე გავიდა დრო და, როცა თბილისში სასწავლებლად ჩამოვედი, სრულიად შემთხვევით (თუ ეს შემთხვევითობაა) ვერიკო ანჯაფარიძის მეზობლად დავსახლდი, უკვე მისი სახელობის ქუჩაზე... მერე დაიწყო ჩემი და ქალბატონი სოფიკოს მეზობლობა-მეგობრობა და ამ სიყვარულს ისიც აძლიერებდა, რომ ვერიკოს ნაკვალევზე დავდიოდი, მის სივრცესა და გარემოში, მის სახლში, მის ნივთებთან მიხდებოდა შეხება. ვერიკო იყო ყველგან, ვერიკოს ვგრძნობდი თავად სოფიკო ჭიაურელშიც. მახსოვს, როცა სპექტაკლ „დედა-დედოფალში” პროფილით შემოვიდა სცენაზე, ძარღვებში სისხლი გამეყინა, სუნთქვა შემეკრა, ისე ჰგავდა ვერიკოს! რაც უფრო ემატებოდა ასაკი, მით უფრო იზრდებოდა მსგავსება დედასთან - ეს ყველაფერი ორმხრივად მახარებდა, რადგან ვერიკო ცოცხლობდა მაშინაც კი, როცა დიდი ხნის გარდაცვლილი იყო!
ქუჩა, სადაც ვ. ანჯაფირიძე ცხოვრობდა, დღეს მის სახელს ატარებს.
ფიქრის გორაზე გვქონდა მისი სახელობის ერთი მსახიობის თეატრიც, რომელიც სოფიკო ჭიაურელის გარდაცვალებით „აღესრულა”.
არსებობს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
შემორჩენილია რადიოს ოქროს ფონდის უამრავი ჩანაწერი, ფირზე აღბეჭდილია მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლების ნაწილი მისი მონაწილეობით. მოიპოვება ტელესპექტაკლებიც, ტელეგადაცემები მასზე, დარჩენილია მისი კინოსახეები, ფილმები, დაწერილია მონოგრაფიები, წერილები, სტატიები... სრულად შეგვიძლია შევიგრძნოთ ვერიკოს ტალანტი, მისი სახება გვხდება ყველგან, სადაც კი საუბარია მე-20 საუკუნის ქართულ თეატრზე.
ვისაც ახსოვს ფილმი „მონანიება”, ახსოვს მისი ფინალი და ცნობილი ფრაზა: „ეს გზა ღვთიმშობლის ტაძართან მიმიყვანს?!” რამდენიმე წამია მსახიობი ეკრანზე, მაგრამ მთელი ფილმის ტოლფასია მისი გამოჩენა - ასე შეეძლო ვერიკო ანჯაფარიძეს. „დიდოსტატის მარჯვენაში” დედის დატირების ეპიზოდის, დედის მოთქმის დავიწყება შესაძლებელია?! უხმო როლი ჰქონდა სპექტაკლ „გვირილაში”, რომელიც სპეციალურად მისთვის დადგა სოფიკო ჭიაურელმა მარჯანიშვილის თეატრში, რადგან ხედავდა, რომ დედას უკვე ტექსტის დამახსოვრება აღარ შეეძლო, არადა, იტანჯებოდა, ისე უნდოდა თამაში. ამ სპექტაკლში ალბათ ერთი წუთი გრძელდება ის სცენა, როდესაც ვერიკოს პერსონაჟი ცეკვავს (საერთოდ, მას უყვარდა ცეკვა, სათქმელის პლასტიკით გადმოცემა). ვისაც უნახავს ეს სპექტაკლი, მას არ ავიწყდება ეს ეპიზოდი - ამაშია ჭეშმარიტი ხელოვანის ძალა - მინიმალურ დროში მიაღწიოს მაქსიმალურ ეფექტს, შექმნას შედევრი!!!
და კიდევ ერთი, ვერიკო ანჯაფარიძის ფატი გურიელი (სპექტაკლი „შთამომავლობა”)! მაყურებელი ყოველთვის შეჩვეული იყო მსახიობის ზეაწეულ საუბარს, პათეტიკას სცენაზე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ გენიალური მსახიობის ინტონაცია გახადა ჩვეულებრივი, სასაუბრო მეტყველებასთან ძალზე დაახლოებული. როგორი მკერდისმიერი თბილი ბგერები იღვრება სცენიდან, როგორი რბილი, ლირიკული, სევდიანად მარტოსული და ამაღლებულია ყველა ეპიზოდში ვერიკო ანჯაფარიძის ფატი გურიელი. მას ცხოვრებამ ბევრი რამ ანახვა, - ავიც და კარგიც, ახლა ასაკში მყოფს, წლები არ აწევს სიმძმედ, პირიქით ახალგაზრდული გზნებით მიუყვება გასავლელ გზას და ცდილობს, სიმშვიდე, ურთიერთგაგება და თანაცხოვრების კულტურა დაამკვიდროს გაცივებული ურთიერთობების ოჯახში, რომლის წევრები ფიქრობენ, თითქოს სახელმწიფო საქმეებს აკეთებენ, სინამდვილეში კი ვეღარ იტანენ ერთმანეთს, იმიტომ რომ ხელი ეშლებათ ცხოვრებაში და ასეთ ცხოვრებას, ვერიკოს გმირი თავის გატანას უწოდებს! ფატი გურიელის დაუვიწყარი სახე მსახიობის მოქალაქეობრივი სტატუსის სიძლიერითც იყო ინსპირირებული. ვერიკოს გმირი გვახსენებდა არა მხოლოდ შორეულ წარსულს, არამედ - პოლიტიკურ აწმყოსაც. სამშობლოს სიყვარული ოჯახიდან უნდა დაიწყოს - ეს იყო მსახიობის მთავარი დრდი და საწუხარი სცენაზე. მას ადარდებდა ამ ოჯახის არა პრივილიგებული და წამყვანი პოზიციები საზოგადოებაში, არამედ მოჩვენებითი ღირებულებები, არამყარი ფასეულობები. ფატი გურიელი სამყაროს ილუზიების გარეშე უცქერდა (თუმცა, არც რომანტიკა აკლდა), მას სურდა, ოჯახში ტყულის გარეშე ეცხოვრა ყველას. ამიტომაც, მისი მონოლოგი სპექტაკლის ფინალში, ფაქტობრივად, მხილებასთან ერთად, იყო ადამიანურის გადარჩენის მხურვალე თხოვნაც.
როგორც თეატრმცოდნეები წერენ, ფატი გურიელი არ იყო დიდი აქტიორული მიღწევა ვერიკო ანჯაფარიძისათვის. მას ნათამაშები ჰქონდა მსოფლიო კლასიკური დრამატურგიის შედევრები, მაგრამ ეს როლი მწვავე სოციალური ჟღერადობით მაინც განსაკუთრებულ სცენურ სახედ დარჩა მის შემოქმედებაში. დღემდე არ კარგავს აქტუალობას ალექსანდრე ჩხაიძის დრამატურგიული ქმნილება გიგა ლორთქიფანიძის ბრწყინვალე სამსახიობო ანსამბლითა და ვერიკო ანჯაფარიძის დაუვიწყარი ნამუშევრით!
ვერიკო ანჯაფარიძის მონატრება იმ მაღალი ხელოვნების მონატრებაა, რომელიც კარგა ხანია გაქრა. ვერიკოს მონატრება ერთგვარი ნოსტალგიაა გმირულ-რომანტიკულისა და განცდისა და გარდასახვის თეატრალური ესთეტიკისაც. ქართული თეატრის სიმბოლოდ და ლეგენდად ქცეული სახელი და გვარი ვერიკო ანჯაფარიძე მაინც ამოუხსნელი ფენომენია, რომელიც იწვევს ახალ საუკუნეს თამაშის ხელოვნებაში!
საბა მეტრეველი