საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: 2001 წელი, მარტი, ქალთა ნამუშევრების გამოფენა; 2001 წელი, ნოემბერი ქალთა ნამუშევრების გამოფენა; საგამოფენო დარბაზი „უნივერსი“, 2002 წელი, სექტემბერი, ქალთა ნამუშევრების გამოფენა; საგამოფენო დარბაზი „ჰობი“, 2007 წელი, მარტი, პერსონალური გამოფენა, ფერწერა გრაფიკა; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი, 2015 წელი, იანვარი. პერსონალური გამოფენა, ფერწერა, გრაფიკა; ფორუმი: „საქართველოს ქალები ხუროთმოძღვრებაში“, გამოფენა; გამოფენა „ქალები აშენებენ - იქ, სადაც კავკასია ევროპას ხვდება“; არქიტექტორ და დიზაინერ ქალთა გამოფენა, - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ გამოფენებისა, რომლებშიც მონაწილეობა აქვს მირებული თვითნასწავლ მხატვარს, პროფესიით არქიტექტორს, ქალბატონ გულიკო წულუკიძეს.
„ეს არის ფერთა დედოფალი“, - ასე წარმოგვიდგინა ქალბატონი გულიკო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა ვაჟა პაპასკირმა. სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში აქვს ამჟამად გამოფენა ქალბატონ გულიკოს და ამ გამოფენის სულისჩამდგმელი ხელოვნების დიდი მოყვარული ვაჟა პაპასკირია.
გვესაუბრება გულიკო წულუკიძე:
_ პროფესიით ვარ არქიტექტორი, იმჟამინდელი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე, არქიტექტურის სპეციალობით. თავდაპირველად ძალიან მინდოდა, სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა, თუმცა მივიჩნიე, რომ ჩვენი არქიტექტურის ფაკულტეტი მეტ განათლებას მომცემდა და დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა - სწორი არჩევანი გავაკეთე! მინდა გითხრათ, რომ პროფესია ხატვაში დიდად დამეხმარა. ვფიქრობ, ზოგადად, ძალიან საინტერესოა პროფესიით არქიტექტორის ნახატები. დასაწყისში, ასე ვთქვათ, ჩემთვის ვხატავდი, მეგობრებს ძალიან მოეწონათ ნამუშევრები და ეს გახდა სტიმული. პირველად გამოფენაზე რამდენიმე წლის წინ გავიტანე ნახატები, ეს იყო ქალი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, ამას მოჰყვა პერსონალური გამოფენები.
_ და ჩამოშორდით პროფესიას?
_ არა, როგორ გეკადრებათ. არაერთ დიდ პროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის, თავისუფლების მოედანზე სახლების დაპროექტებაში. დღემდე ვმუშაობ არქიტექტურაში.
_ მუშაობთ პასტელით...
_ დიახ და გრაფიკაში. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენაზე გრაფიკამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მითხრეს, რომ არქიტექტორის ხაზი იგრძნობა ჩემს გრაფიკაში.
_ ყიდით ნახატებს?
_ უმეტესად მეგობრებს ვჩუქნი, თუმცა რამდენიმე ნახატი გავყიდე, მყიდველის ინიციატივით, თორემ მე არ ვარ ამ მიმართულებით დაინტერესებული. სხვადასხვა სივრცეში გამოფენების მოწყობა და ჩემი შემოქმედების საზოგადოებისთვის წარდგენა უფრო მხიბლავს. ამიტომ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ვაჟას გამოფენის ორგანიზებისთვის.