თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი საკომუნიკაციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი და რაიონული გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე კომპანიების მიერ წარმოებული სამუშაოების ხარვეზებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
როგორც გიორგი ბაგრატიონმა აღნიშნა, კომპანიების მიერ ხშირ შემთხვევაში ხდება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის დაზიანება, სამუშაოების არასათანადოდ შესრულება და ვადების გადაცილება.
შეხვედრაზე ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ფოტომასალის სახით წარადგინეს კონკრეტული პრობლემური პროექტები. აღინიშნა, რომ კომპანიების მიერ სამუშაოების წარმოებისას ხშირ შემთხვევაში არ ხდება უსაფრთხოების ღობეებისა და საინფორმაციო ბანერების განთავსება.
კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, გივი კუბლაშვილის განცხადებით, ხდება მოწესრიგებული ასფალტის საფარის დაზიანება, რომელლის აღდგენაც შემდგომში სათანადო ხარისხით აღარ ხდება.
როგორც გიორგი ბაგრატიონმა განაცხადა, კომპანიების მხრიდან სამუშაოების არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში ჯარიმები კიდევ უფრო გამკაცრდება.
თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას „თელასის“, „GWP“-ს, „სილქნეტისა“ და „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.