სეპარატისტული აფხაზეტის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის სტატუსის საკითხი უკვე ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილია. ეს განცხადება სერგეი შამბამ ესტონური გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ამავე ინტერვიუში სერგეი შამბა აცხადებს, რომ 1992 - 1993 წლის ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს აფხაზი ხალხი "აფხაზი ხალხის გენოციდის" კვალიფიკაციას აძლევს. "ყოველივე ამაში აფხაზი ხალხი საქართველოს მოსახლეობას ადანაშაულებს, მათ შორის ადგილობრივ მოსახლეობას. მაშინ როდესაც ომი დაიწყო, აქ მაცხოვრებელი ქართველებისა და მეგრელების უმრავლესობა საოკუპაციო ჯარის მხარეს დადგა და იარაღის ლულა იმ აფხაზ ხალხს მიუშვირა, რომელთანაც ერთად ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში ცხოვრობდნენ",_ აცხადებს სერგეი შამბა და დასძენს, რომ რაც შეეხება დევნილებს "იქ სადაც იყო ომი არიან დევნილებიც.
"აქედან არავინ არავის ძალით არ გაუყრია და ჩვენ ეს ომი არ დაგვიწყია. ამიტომაც ჯერ კიდევ გაურკვეველია თუ რამდენი ხანი უნდა გავიდეს იმისათვის, რომ აფხაზმა ხალხმა ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს. ჩემი აზრით ამისაკენ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების მიერ აგრესიულ რიტორიკაზე უარის თქმა და მათ მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება იქნება", _ აცხადებს სერგეი შამბა.
მისივე თქმით, საქართველოს არ აქვს არც იურიდიული და არც ისტორიული უფლება მოითხოვოს აფხაზეთის დაბრუნება, "რომ აღარაფერი ვთქვათ მორალზე მას შემდეგ რაც მათ ჩვენ გაგვიკეთეს".
"აფხაზეთის სტატუსის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უკვე გადაწყვეტილია. ჩვენ გვაქვს საქართველოში შემადგენლობაში ცხოვრების გამოცდილება, რომელმაც არაფერ კარგამდე ჩვენ არ მიგვიყვანა. აფხაზეთსა და საქართველოს მშვიდობიანი ცხოვრება მხოლოდ ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირობებში შეეძლებათ", _ აცხადებს სერგეი შამბა.