30 ნოემბერს 19:30 საათზე კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი ლევან თუთბერიძის “მოირას” პრემიერით გაიხსნება. ფილმი ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებ ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. ციხიდან გამოსული მამუკა ცდილობს ოჯახი სიღარიბისგან დაიხსნას. მისი დედა საზღვარგარეთ მუშაობს, მამა ეტლს არის მიჯაჭვული, უმუშევარ ძმას კი კრიმინალებთან აქვს კავშირები. მამუკა ნასესხები ფულით ყიდულობს პატარა სათევზაო გემს. თუმცა ბედი შეუბრალებელი აღმოჩნდება.
ფესტივალის გახსნას, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერის მოადგინე ნინა ხატისკაცი , საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კინოფესტივალზე მოწვეული უცხოელი კინემატოგრაფისტები დაესწრებიან.
თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს ქალთა უფლებებისა და გენდერული დემოკრატიის განვითარების ეძღვნება. “ქალთახედვა/WomenEyes” სექციის ფარგლებში მოეწყობა ქალი რეჟისორების მიერ გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენება.ქალი რეჟისორების ნამუშევრები ფესტივალის წლევანდელი გამოშვების სხვა სექციების ფოკუსშიც იქნება. ფესტივალის წლევანდელი რჩეული ფერიც იასამნისფერია, რაც ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო კამპანიის სიმბოლოა.კინოჩვენებების გარდა, მოეწყობა დისკუსიები ადგილობრივი და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან მოწვეული მომხსენებლების მონაწილეობით ქალთა უფლებების, გენდერული ძალადობისა და ქალის, როგორც საზოგადოებრივად აქტიური ფიგურის საკითხის გარშემო. თბილისის კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობს ევროპელი კინორეჟისორების 10 სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ან მეორე მხატვრული ფილმი. ტრადიციულად საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისურა ვერცხლის პრომეთეებით დაჯილდოვდებიან.
საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს. ჟიურის თავმჯდომარე ბრიტანელი რეჟისორი მარტა ფაინსია, მხატვრული ფილმის “ონეგინის” რეჟისორი, რომელშიც მთავარ როლებს ლივ ტაილერი და რეჟისორის ძმა რეიფ ფაინსი ასრულებენ.
ტრადიცულ სექციას “ქართულ პანორამას წარმოგიდგენთ ~პაშაბანკი” სადაც გასული წლის ყველაზე საინტერესო ქართული ფილმების ჩვენება გაიმართება. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ კინემატოგრაფისტებს, ფართო მაყურებლის წინაშე წარადგინონ თავიანთი ნამუშევრები.შარშან ქართული პანორამის ფარგლებში 4 პრომეთეს ჯილდო გაიცა, კონკურში მონაწილეობა მხოლოდ სრულმეტრაჟიანმა ფილმებმა მიიღეს. წინა წლისგან განსხვავებით თბილისის მე-16 საერთაშორისო ფესტივალზე 3 ნომინაციაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები : საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი დასაუკეთესო დოკუმენტური ფილმი.
თბილისის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალს 5 დეკემბერს დიტო ცინცაძის ფილმი “ბედნიერების ღმერთი” დახურავს. ფესტივალის მხარდამჭერები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.ფესტივალის გენერალური სპონსორია - აჭარანეტი.