დღეს, 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც 1999 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ #54/134 რეზოლუციის მიღებით დაფუძნდა.
"ამ დღის აღნიშვნის მიზანს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს, რაც საქართველოსთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საკითხია.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ არაერთი ნაბიჯი გადადგა და მათ შორის, ხელი მოაწერა „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციას, კვლავ პრობლემას წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ერთიანი მიდგომისა და ხედვის არსებობა სერვისის მიწოდებაზე პასუხისმგებელ უწყებებში", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.