დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ. გუგუთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ცენტრალური გზა, რომელიც გუგუთს სომხეთის საზღვართან და ზოგადად რეგიონულ ცენტრთან აკავშირებს ამორტიზებულია.
პროექტის - ,,ეკომიგრაცია, დიალოგი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, სამუშაო ჯგუფმა, გუგუთში ამჟამად მშენებარე ხიდი მოინახულა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.
მოსახლეობა შიშობს, რომ ზამთრის მოახლოვებასთან ერთად, მთელი სოფელი სამი თვით გარე სამყაროს მოწყდება.
,,ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც ქალაქს ვუკავშირდებით და საშინელ დღეშია, შველას ვითხოვთ, იქნებ დაგვეხმარონ, გააკეთონ. სასწრაფოს გამოძახებას ვერ ვახერხებთ, ქ. დმანისიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაახლოებით 2 საათი სჭირდება, რომ სოფლამდე მოვიდეს. 180 ოჯახიდან დღეისათვის სოფელს მხოლოდ 20 ოჯახიღა შემორჩა; საზღვრისპირა სოფელია და ჩვენი აქ ყოფნა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, იქნებ ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს“, - ამბობს სოფ. გუგუთის მკვიდრი – დალი კვერცხიშვილი.
გუგუთში ძირძველ ადგილობრივებთან ერთად, უკვე 10 წელია, 9 ეკომიგრანტი ოჯახიც ცხოვრობს. სოფელში არსებულ გაუსაძლის პირობებზე ისინიც საუბრობენ, თუმცა ყველაზე მეტად დასაქმების საკითხი და უყურადღებობა აწუხებთ.
,,აქაურობას არ ყავს პატრონი, 2 წლის წინ ხიდი ჩაინგრა და წელს ძლივს მოხერხდა მისი აღდგენა, მანამდე მთელი სოფელი ხევის გავლით გადადიოდა მეორე მხარეს. არც ამბულატორიაა და არც აფთიაქი, ელემენტარულად მაღაზია არ გვაქვს ნორმალური და არც გზა ქალაქში რომ მოვახერხოთ ჩასვლა“, - ამბობს ეკომიგრანტი, გიორგი მგელაძე.
რაც შეეხება ცენტრალურ გზას, რომელიც სოფელზე გადის და სომხეთის საზღვარს უერთდება, ის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეკუთვნის. ჯერჯერობით უცნობია იგეგმება თუ არა გზის საფარის რეაბილიტაცია. ასევე უცნობია, სოფლის განვითარების პროგრამით განხორციელებულა თუ არა რაიმე ინფრასტრუქტურული ღონისძიება, რადგან ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთვის არავის უკითხავს რის გაკეთებას ისურვებდნენ.
რაც შეეხება გუგუთის ხიდს, რომელიც 2013 წლის აპრილში სტიქიის შედეგად ჩაინგრა და რომლის მშენებლობაც, წესით, ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, ხიდის აღდგენის საკითხში და გუგუთში მაცხოვრებელი ეკომიგრანტების პრობლემების სათანადო ინსტანციამდე მიტანასა და პრობლემატური საკითხების მოგვარების გზების ძიებაში აქტიურად იყო და არის ჩართული CENN.
გუგუთელები კი ხიდის დასრულებას მოუთმენლად ელოდებიან , თუმცა რჩებათ კიდევ უფრო დიდი სადარდებელი - გზა.