ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, დღეს, რიგით ოცდამეექვსე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ახლად აშენებული საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი; სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული დიდი სოფლები წარმოადგენს. ამ შემთხვევაშიც, სოფელი კაბალი, ფოკის, სართიჭალისა და ყვარელწყლის შემდეგ, რიგით მეოთხე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფელია, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი აშენდა.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნასთან ერთად, ადგილობრივი აზერბაიჯანელი წყვილის − სამაია გინჩიევას და ოქტაი იუნუსოვის, ქორწინებაც დარეგისტრირდა, რომელსაც თეა წულუკიანი დაესწრო.
გახსნის შემდეგ მინისტრი საზოგადოებრივი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივ ქალებს შეხვდა, რომლებსაც ქალთა უფლებებზე, არასრულწლოვანთა ქორწინებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.
სოფლებში საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მცხოვრებნი საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით ისარგებლებენ, რაც მათ რაიონულ ცენტრამდე ტრანსპორტირების თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს. საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება, ქონების რეგისტრაცია და საბანკო მომსახურებით სარგებლობა ადგილზე სოფლიდან გაუსვლელად შეეძლება. საზოგადოებრივი ცენტრი კაბლისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებთ, ჯამში 40 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება.
ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეო კონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც. საზოგადოებრივი ცენტრების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს, კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიება.
კაბლის საზოგადოებრივი ცენტრის გარდა საქართველოში უკვე მოქმედი 25 საზოგადოებრივი ცენტრია. 200-ზე მეტი მომსახურების მიღება ცენტრების მეშვეობით უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდის, ფოკის, ნიგოითის, ჯვრის, შორაპნის, ყვარელწყალი/დუისის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულის, ღორეშის, კაზრეთის, შილდის, ორსანტიისა და ქვემო ნატანების მოსახლეობას.