პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და პარლამენტის წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდნენ.
მხარეებამ ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთოებებზე და მისი გაძლიერების პერსპექტივებზე. პარლამენტის თავმჯდომერემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს მიულოცა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვება, რომელსაც ილჰამ ალიევი უდგას სათავეში და იმედი გამოთქვა, რომ ახლადარჩეულ აზერბაიჯანის პარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთობები გაგრძელდება.
ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობები საკმაოდ მაღალ დონეზეა. მისი თქმით, ხალხთა შორის მეგობრობა და პატივისცემა დასტურდება და აისახება ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებში. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სოციალური, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები სანიმუშოა მთელ რეგიონშიც და რეგიონს მიღმაც, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს გუშინ, საქართველოს პრეზიდენტსა და მის მიერ ხელმოწერილი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაცია, რომელიც ურთიერთობების ყველა ასპექტს მოიცავს.
ილჰამ ალიევმა ისაუბრა აგრეთვე საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობაზე და მისი გაღრმავების აუცილებლობაზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას და ორივე ხალხს კარგად ესმის რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ქვეყნები ერთმანეთისთვის. მხარეებმა გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთდახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში, პოლიტიკურ პარტიებს შორის კამათია სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ აზერბაიჯანთან მეგობრულ ურთიერთობებზე ყველა თანხმდება და ეს საკითხი საკამათო არასდროს ყოფილა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კონფლიქტები და ტერიტორიული მთლიანობა საერთო პრობლემაა და კონფლიქტები უნდა დარეგულირდეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების საფუძველზე.
დავით უსუფაშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრას ქართული მხრიდან პარლამენტის წევრები: ზვიად კვაჭანტირაძე, ზურაბ ტყემალძე, გიორგი წერეთელი და ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.