იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი დღიდან, ქვეყანას, ისეთი მთავრობა არ ჰყოლია, რომელსაც ევროპული გზიდან გადაეხვია.
თეა წულუკიანი ამ წუთებში სიტყვით ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის პირველ სხდომაზე გამოდის, სადაც საქართველოში გატარებულ რეფორმებზე საუბრობს.
მინისტრის თქმით, ევროპული არჩევანი ქართველი ხალხის არჩევანია.
„ეს რომელიმე მთავრობის არჩევანი არ არის. დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან, საქართველოს ყველა მთავრობა ამ გზაზე მიდიოდა ბევრი სირთულის მიუხედავად. ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი დღიდან მთავრობა არ ყოფილა, რომელსაც ამ გზიდან გადაეხვია. რატომ? - იმიტომ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი იყო და არის დღესაც ასეთი. ბოლო სამი წლის მანძილზე, ამ გზაზე სერიოზულ შედეგებს მივაღწიეთ“, - განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრის ცნობით, ქვეყანაში ყოვლის მომცველი რეფორმები გატარდა.
„მართლმსაჯულბის რეფორმის სამი ტალღა გატარდა, ასევე რევოლუციური ნაბიჯები გადაიდგა ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით. ასევე გავაძლიერეთ საქართველოს ადვოკატები სასამართლოს დარბაზში და ისინი პროკურატურას დავუახლოვეთ, რათა სასამართლოში მხარეთა თანასწორობა იყოს დაცული. ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი მივიღეთ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული რეფორმა იყო და რომ არა პარლამენტი, ეს რეფორმა ვერ გატარდებოდა. საპროცესო შეთანხმება დღეს აღარ არის ვაჭრობის ინსტრუმენტი პროკურტატურის - მმართველი პოლიტიკური ძალის ხელში, როგორც იყო ადრე, როდესაც ფულს ცვლიდნენ თავისუფლებაზე. საპორცესო შეთანხმება დღეს თავისუფალი პროცესია, როცა ბრალდებულის უფლება დაცულია“, - განაცხადა წულუკიანმა.