სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "გურჯაანი" თანამშრომლების მიმართ 18 თვის სახელფასო დავალიანების არსებობას კატეგორიულად უარყოფს.
კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ გურგენიძე აცხადებს, რომ ორგანიზაციაში სულ 14 თანამშრომელი მუშაობს და ყველა მათგანს, ოქტომბრის თვის ჩათვლით, შრომის ანაზღაურება მიღებული აქვს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანსამბლ "გურჯაანის" თანამშრომლებს 18 თვის ხელფასი აქვთ მისაღები, ერთ-ერთი გაზეთით ორი დღის წინ გავრცელდა. გაზეთი ინკოგნიტო რესპონდენტზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ შესაძლოა, ანსამბლს საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად ჰქონდეს გახარჯული, რაც არ დასტურდება.
ოფიციალური ინფორმაციით, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი `გურჯაანი~ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. აუდიტორული დასკვნის თანახმად, ანსამბლს ფინანსური დარღვევები არ აქვს და არც სახელფასო დავალიანება გააჩნია.
ანსამბლ "გურჯაანის" ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თანამშრომლების მიმართ სახელფასო დავალიანება, შესაძლოა, რაიონში მოქმედ სხვა ანსამბლებს ჰქონდეთ, რამაც დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია.