16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება, სასამართლოს თანხმობით, იმ შემთხვევებში იქნება დაშვებული, როცა ადგილი აქვს ბავშვის დაბადებას, ან ორსულობას.
შესაბამისი ცვლილებები - „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ შედის, რომლის ავტორი სახალხო დამცველის აპარატია.
პროექტის ავტორების განმარტებით, ცვლილებების მომზადების მიზეზს ის გარემოება წარმოადგენს, რომ საქართველოში ადრეულ ასაკში ქორწინება კვლავ დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს და განსაკუთრებით შემაშფოთებელი იძულებითი ქორწინებებია.
„ხშირ შემთხვევაში, საქართველოში არასრულწოვანი პირების მშობლები არიან თავიანთი შვილების ქორწინების ინიციატორები. მშობელთა შორის გარიგება ფულის, ან სხვა მატერიალური სიკეთის სანაცვლოდ ხდება. ხშირად, თუ სკოლის მოსწავლე გოგონებს მშობლები ძალით გაათხოვებენ, ისინი თავს იკლავენ. აღნიშნულის მაგალითს წარმოადგენს სოფელ ყარაჯალაში მომხდარი ინციდენტი, როდესაც არასასურველი ქორწინების თავიდან აცილების მიზნით, ერთ-ერთმა გოგონამ თავი მოიკლა“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
დღეს მოქმედი კანონით, 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების, ან მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობით.