პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტირების სათანადო შემოწმება არ ხდება.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატებს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტომ წარუდგინა.
სააგენტოს უფროსის მოადგილის, თენგიზ კალანდაძის განცხადებით, სააგენტო კერძო ლაბორატორიებთან თანამშრომლობს და ზაფხულში ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში სოიოს ტექსტურატი შემოტანილი იქნა და5000 ლარიანი ჯარიმაც გამოიწერა.
კალანდაძეს ზურაბ ტყემალაძე გამოეხმაურა. დეპუტატი დაინტერესდა, ჯარიმის გამოწერის დროს, შესაბამისი აქტი გამოიწერა თუ არა.
„თუ აქ არ არის ისეთი ლაბორატორია, რომელიც შემოწმებას სრულყოფილად ახორციელებს, მაშინ მასალები საზღვარგარეთ, ლაბორატორიაში გააგზავნეთ. ეტიკეტზე „გმო“ წვრილი ასოებით არის დატანებული და ზოგჯერ, მას ქართული წარწერები აქვს გადაკრული. დარღვევა ისაა, რომ სააგენტომ ეს ვერ აღმოაჩინა. ბატონო თემურ, თქვენ კანონი არ გცოდნიათ და მე მის სწავლას ვერ დაგიწყებთ. კანონს ჩახედეთ და ნახავთ, რა დარღვევაა. სურსათს ეტიკეტირება ოვალურ ჭრილში უნდა ჰქონდეს, რომელიც მკაფიო იქნება. ხალხმა უნდა იცოდეს, რას ჭამს და რას სვამს. თქვენი კვლევა ამას უნდა ემსახურებოდეს. ჩიფსები, ზეთები, შოკოლადები არის გენმოდიფიცირებული? - კითხვა არ გებადებათ, როგორ შეიძლება, ერთი კგ ძეხვი 6 ლარი ღირდეს მაშინ, როცა ხორცი 16 ლარი ღირს? - ძეხვი ე.წ. სოიოს შეიცავს და სოიოს 95 პროცენტი კიდევ გენმოდიფიცირებულია“, - მიმართა კალანდაძეს ტყემალაძემ.
თავის მხრივ, კალანდაძემ განმარტა, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტოს არცერთი ლაბორატორია არ გააჩნია და ის დამოკიდებულია კერძო ლაბორატოოიის ოქმზე.