ქობულეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, წუხელ გვიან ღამემდე მუშაობდნენ გეოლოგები, ბოლო ლოკაცია, საიდანაც 11:00 საათზე დაბრუნდნენ გეოლოგები, აჭყვისთავი და ქაქუთი იყო. ამ დროის მონაცემებით გეოლოგების მიერ უკვე გამოკვლეულია 13 სოფელი, შესწავლილია 80 განცხადება.
როგორც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსი ტარიელ ტუსკია ამბობს „სასწრაფოდ გასასახლებელია 4 ოჯახი. სახლებთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს ფერდ სამაგრი სმუშაოები დაახლოებით 60 ადგილზე. ასევე აუცილებლად უნდა მოხდეს ზედაპირული წყლების უსაფრთხო მიმართულებით გადაგდება, რომ ამინდის გაუარესებისას სამომავლოდ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს. გეოლოგიის სამსახური შეისწავლის ყველა მნიშვნელოვან განცხადებას, რომელიც პერიოდულად შემოდის მოსახლეობიდან გამგეობის ცხელ ხაზზე. ახალი განცხადებების გამოკვლევას კიდევ 2-3 დღე დასჭირდება.„
პარალელურად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ აჭარის გზებისა და სამელიორაციო სამსახურის ბრიგადები ყველა საჭირო ლოკაციაზე. ამ დროისათვის შუახევსა და ხულოში ნორმალური მდგომარეობაა. ყველაზე რთული ვითარება უხვმა ნალექმა შექმნა ქობულეთში. დამეწყრილი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი დაფიქსირებულია ალამბარში, აჭყვისთავსა და ლეღვაში, ნაწილობრივ ქაქუთში. როგორც გზებისა და სამელიორაციო სამსახურის ქობულეთის წარმომადგენელმა განაცხადა გასული ორი დღე-ღამის განმავლობაში ყველა საჭირო ლოკაციაზე 12 ერთეული სხვადასხვა ტიპის ტექნიკა მუშაობდა, დღეისათვის კი მათი რაოდენობა სამუშაოების პარალელურად 6-მდე შემცირდა. უკვე გაწმენდილია შიდა სასოფლო გზების 90% . ამ მომენტისთვის ტექნიკა და საგზაო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ წყავროკა მემარნეების მიმართულებით შიდა სასოფლო გზის გაწმენდაზე. ასევე იწმინდება გადასასვლელი ხიდი ჯინჯური -ხინიკაძეების მიმართულებით.
რეგიონში გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები არ ფიქსირდება. ყველა სოფელს აქვს შემოვლითი გზა, რომლითაც თავისუფლად გადაადგილდება მოსახლეობა. ძირითადი გზების გაწმენდის შემდეგ გაიწმინდება კერძო სახლებთან მისასვლელი გზები. გამოდარების და ნიადაგის გამოშრობის შემდეგ შესაძლებელი იქნება ტრანსპორტის გადაადგილება, რის შემდეგადაც სამუშაოების გაგრძელება დაგეგმილია ალამბარში. ქ.ქობულეთში დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ზარალის დათვლა დაწყებულია. ზარალის თაობაზე განცხადებების მიღება ორშაბათამდე გაგრძელდება. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსულია 339 განაცხადი, რომელთა განხილვაც მომავალი კვირიდან დაიწყება.