სოზარ სუბარის მოადგილეს ქრთამის აღებაში ამხელენ. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "აპრიორის" თავმჯდომარემ ბესო შენგელიამ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" აქტივისტი ნიაზ ღადუა, მათ ხელთ არსებულ ვიდეოჩანაწერში საუბრობს, თუ როგორ აძლევდა ქრთამს დევნილთა მინისტრის მოადგილეს მამუკა ცოტნიაშვილს.
შენგელიას თქმით, ფარულ ჩანაწერში ღადუა საუბრობს თუ როგორ ააგროვა დევნილებისგან 21 500 ლარი და თბილისში სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ სახაშეში გადასცა მამუკა ცოტნიაშვილს დევნილებისთვის ბინების დამტკიცების სანაცვლოდ.
შენგელია განმარტავს, რომ აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი ორგანიზაციას მიაწოდა პირმა, რომელიც ღადუას ესაუბრება.
"საქმეში ასევე ფიგურირებს მამუკა ცოტნიაშვილის მძღოლი და დაზარალებული პირების სახელი და გვარები. ჩანაწერში საუბარია ასევე სქემაზე, თუ როგორ ხორციელდება ქრთამით ბინების გაცემა დევნილებზე, ასევე სხვადასხვა თანამდებობის პირების შავბნელი საქმიანობის შესახებ”, - განაცხადა შენგელიამ და დასძინა, რომ მოითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს თანამდებობიდან მამუკა ცოტნიაშვილი.
,,აპრიორი” მივმართავს სამართალდამცველ ორგანოებს სასწრაფოდ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და გამოძიებული იქნას თითოეული დეტალი.