არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქობულეთის პოლიციის უფროსის, ზაქარია გურჩიანისთვის უფლებამოსილების შეჩერებას და საქმის დროული გამოძიებას მოითხოვენ. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის მხარდასაჭერად მათ ბათუმში, ევროპის მოედანზე აქცია გამართეს. ჟურნალისტს სოლიდარობა რეგიონში მომუშავე სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებმაც გამოუცხადეს.
საქმე ეხება 30 სექტემბერს მომხდარ ინცინდენტს, როდესაც ჟურნალისტმა პოლიციას ტელევიზიის კუთვნილი მანქანის გატაცების შესახებ გააგებინა, დაკითხვის შემდეგ კი ქობულეთის პოლიციის უფროსმა ზაქარია გურჩიანმა, რომელიც სავარაუდო ბრალდებულის ნათესავთან და ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა, ჟურნალისტს ჩვენების შეცვლა ურჩია.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსი პირდაპირ იცნობს ქმედების დასჯადობას, როდესაც მოწმეზე ხდება ზეგავლენა ან მისი დაყოლიება ჩვენების შეცვლისთვის.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ბათუმის ორგანიზაციის კოორდინატორის, მალხაზ ჭკადუას განმარტებით, თუ დადასტურდა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, მაღალი თანამდებობის პირები სათანადოდ უნდა იყვნენ დასჯილნი.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" უერთდება არასამთავრობო სექტორისა და მედიის მოთხოვნას დაუყოვნებლივ იქნეს გამოძიებული ჟურნალისტზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტი. მიგვაჩნია, რომ მსგავსი შემთხვევა, თუ, რა თქმა უნდა, ეს დადასტურდა, არის სახიფათო არა მარტო მედიისთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნისთვის. მნიშვნელობა არ აქვს მოწმე ჟურნალისტი იქნება თუ სხვა პროფესიის ადამიანი. ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, შესაბამისად უნდა იქნეს გამოძიებული და თუკი გამოვლინდა ამ ადამიანების მონაწილეობა, უნდა იყვნენ დასჯილნი", - აღნიშნა მალხაზ ჭკადუამ.