უკვე დიდი ხანია დადასტურდა, რომ ჩვენს გალაქტიკაში 100 მილიარდი პლანეტა არსებობს, რომლებიც ჩვენგან ათასობით სინათლის წლის მანძილით არიან დაშორებულნი. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, შორეულ ციურ სხეულებთან კომუნიკაციის მხოლოდ რამდენიმე გზა არსებობს, მათ შორის ელექტრო-მაგნიტური რადიაცია. დღესდღეობით, დედამიწის ბინადრებს მხოლოდ მზის სისტემის პლანეტებზე შეუძლიათ შედეგიანი დაკვირვება და თანამედროვე ტექნოლოგიებიც კი, ვერ პასუხობს კითხვას: არსებობს თუ არა სიცოცხლე დედამიწის მიღმა... რა თქმა უნდა არსებობს ვარაუდები და საინტერესო, მეცნიერულად დაუდასტურებელი ფაქტები:
ედგარ მიჩელი არის მე-6 ადამიანი, რომელიც მთვარეს ესტუმრა, მან დედამიწის თანამგზავრზე 9 საათი და 17 წუთი დაჰყო, თუმცა მიჩელი kerrang radio-ს ეთერში გამოსვლით უფრო გახდა ცნობილი.
მიჩელმა განაცხადა, რომ სჯერა უცხოპლანეტელების არსებობის. ამერიკელებისთვის, სადაც 50 პროცენტი თვლის, რომ „უცხოები“ არსებობენ, ასეთი განცხადება მოულოდნელი არ უნდა იყოს. თუმცა, ყოფილი ასტრონავტის შემდგომმა სიტყვებმა რადიო წამყვანი აიძულა რამდენიმეჯერ ეთხოვა მიჩელისთვის გაემეორებინა ნათქვამი.
მიჩელმა თქვა, რომ „უცხოები“, არა მარტო არსებობენ ჩვენს გალაქტიკაში, არამედ მუდმივად სტუმრობენ დედამიწას თავიანთი საფრენი აპარატებით. კერძოდ, გახმაურებული როზუელის ინციდენტი ნამდვილად კოსმოსური ხომალდის კატასტროფა იყო, ხოლო წინასწარ დაგეგმილი კონტაქტები მუდმივად ხდება.
პლანეტათშორისი ურთიერთობების შესახებ იციან ”სამხედროებმა და დაზვერვამ”, რომელთა ინფორმაციებს მიჩელი კარგად იცნობდა. მართალია, თვითონ ასტრონავტი „უცხოებთან“ კონტაქტში არ შესულა, რადგან არამიწიერი სიცოცხლე მისი სფერო არ იყო, თუმცა ნახა როგორები იყვნენ ისინი – დაბალი სიმაღლის, საცეცებით, დიდი თავითა და დიდი თვალებით. ოღონდ მათი კანი მწვანე კი არა, რუხი ფერისაა.
„უცხოებს“ მშვიდობიანი მიზნები ამოძრავებთ. ეს რომ ასე არ იყოს,”ისინი დიდი ხნის წინ გაგვანადგურებდნენ, ჩვენ ხომ არანაირი დაცვა არ გაგვაჩნია”.
მთავრობამ (ყოველ შემთხვევაში, ამერიკის) უკვე 60 წელია იცის უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ და აქტიურად მასპინძლობს უცხო სამყაროების წარმომადგენლებს. ეს საიდუმლო ინფორმაციაა, თუმცა პრესაში უკვე დიდი ხანია გაჟონა.
ყოფილი ასტრონავტი არ გამორიცხავდა, რომ ზოგიერთი ქვეყნის მთვრობა გამოაქვეყნებდა არამიწიერი ცივილიზაციების შესახებ არსებულ ინფორმაციას. ასეც მოხდა, საიდუმლო მასალების ნაწილი საჯარო გახადა ბრიტანეთის, მექსიკის, საფრანგეთის, ბელგიის და ბრაზილიის მთავრობებმა. ამას გარდა, უბრალო მოკვდავებს სულ უფრო მეტ სწორ ინფორმაციას აწვდიან ყოველივე ამის შესახებ. კათოლიკურმა ეკლესიამაც კი გამოაცხადა, რომ რწმენა უცხოპლანეტელების არსებობის შესახებ არ ეწინააღმდეგება ბიბლიას.
მიჩელის ნათქვამი შეიძლება იმიტომაც ჟღერს რეალურად, რომ ჩვენი სურვილია სხვა ცივილიზაციის აღმოჩენა და გამოგონილი ამბავიც კი, ხანდახან სინამდვილე გგვონია, ამას ყველაფერს დრო გვაჩვენებს, მანამდე კი, ყოველდღიური რუტინა კოსმოსური მოულოდნელობებით გავაფერადოთ.
მომზადებულია სხვადასხვა ინტერნეტწყაროების მიხედვით.