პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ენმ-ს მოუწოდა, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ბოლო 10 წელიწადი გააანალიზონ.
,,ვისურვებდი "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი ანალიზი არა ბოლო ერთ კვირას დაუთმოს ან სამ წელიწადს, არამედ 10 წელიწადს და ძალიან მარტივად დაინახავენ, რომ ადამიანის უფლებები ის სფეროა, სადაც ქართულ სახელმწიფოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა და წარმატება. "ნაციონალურ მოძრაობას" თავად რომ მოეგვარებინა ეს პრობლემები და მართლმსაჯულება ყოფილიყო დამოუკიდებელი იმ დონით რა დონითაც დღეს არის, პატიმრების უფლებები დაცული ყოფილიყო იმ დონით რა დონითაც ახლაა, პოლიტიკური ჩარევა სასამართლოში და მართლმსაჯულებაში ყოფილიყო ისე დაბალი, როგორიც დღესაა, ჩვენ საშუალება მოგვეცემოდა კიდევ უფრო წინ წაგვეწია", - განაცხადა უსუფაშვილმა იმ საკითხზე კომენტირებისას, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას შეეხებოდა გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით.
მან ასევე მოუწოდა მოსამართლეებს, პატივი სცენ ადამიანის უფლებას საკუთარი მოსაზრების გამოთქმის შესახებ.
,,თუ ადამიანებს აქვთ რაღაც სათქმელი, მათ შეუძლიათ, ქუჩაში გამოსვლითაც გამოხატონ. მე ასევე მივმართავ მოქალაქეებს, რომ პატივი სცენ სასამართლოს დამოუკიდებლობას და ჩვენი მოსაზრებები ისე გამოვთქვათ, რომ ხელი არ შევუშალოთ მართლმსაჯულების განხორციელებას” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.