ვანო მერაბიშვილმა სასამართლო ხმამაღალი შეძახილების ფონზე პროტესტის ნიშნად დატოვა. მერაბიშვილის გაღიზიანება გამოიწვია პროკურორ ჯარჯი წიკლაურის შუამდგომლობამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მათ საკონსტიტუციო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის გასაცნობად დრო სჭირდებათ.
"ტელევიზორი არ გაქვთ?! არ გრცხვენიათ?!", - რამდენჯერმე მიმართა მერაბიშვილმა პროკურორებს და მოსამართლის შენიშვნის შემდეგ სხდომა დატოვა.
მანამდე კი სხდომაზე ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ დღეს მოსამართლეები არნახული ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა უნდა გაუძლონ, რადგან დღეები და თვეებია დარჩენილი.
"კორუმპირებული, მექრთამე და გათახსირებული ტურავას პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ნორმა, რის საფუძველზეც უგულავა უნდა გათავისუფლდეს. გარანტიას ვაძლევ, პასუხს აგებენ ქართული კანონმდებლობის წინაშე. განსაკუთრრბით პროკურორი წიკლაური, რომლის კისერზე ამ ახალ ცოდვებთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზედამხედველად მუშაობისას უამრავი ცოდვაა. თუ ვინმემ პასუხი უნდა აგოს, ეს წიკლაურია", - განაცხადა მერაბიშვილმა.