ადამიანის უფლებათა ცენტრი 9 სექტემბერს, ანგარიშის - "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში" პრეზენტაციას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცენტრიდან აცნობეს, ანგარიში მომზადდა პროექტის - "ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის მონიტორინგი საქართველოში" - ფარგლებში. პროექტი ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და სახალხო დამცველთან პარტნიორობით განხორციელდა.
"პროექტის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მონიჭებული სპეციალური რწმუნებულების საფუძველზე, პრევენციის ეროვნული მექანიზმისა და სახალხო დამცველის ბავშვთა უფლებების ცენტრის წარმომადგენლების მონაწილეობით, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები ახორციელებდნენ გეგმიურ და არაგეგმიურ ვიზიტებს რუსთავის #5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში, თბილისის #11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში და გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების არასრუწლოვანთა განყოფილებაში.
მონიტორინგის შედეგად #5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში გამოვლენდა შემდეგი სახის პრობლემები: ე. წ. სრული შემოწმების დამამცირებელი პროცედურა, როდესაც მსჯავრდებულ ქალებს საპატიმროდან დროებით გაყვანისას ან შემოყვანისას აშიშვლებენ და აკეთებინებენ ბუქნებს; ხანგრძლივვადიანი პაემნების არარსებობა; ჰიგიენური საშუალებების უკმარისობა; დაგვიანებული/არასათანადო მკურნალობა ქალი პატიმრებისთვის და სხვა.
არასრულწლოვანთა დაწესებულებაში გამოვლენილი პრობლემებია: პრივილეგიები არასრუწლოვან პატიმრებს შორის; განმეორებითი დანაშაულის ხშირი შემთხვევები; გარკვეული კატეგორიის არასრულწლოვანი პატიმრების სოციალური იზოლაცია; არასაკმარისი ფსიქოლოგები და სხვა", - აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.
პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ ბულგარეთის საელჩოს წარმომადგენელი და სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ნიკა კვარაცხელია.
პრეზენტაციის შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშის ბეჭდური ვერსიის გარკვეული რაოდენობა გადაეცემა ეროვნულ ბიბლიოთეკას, ხოლო ელექტრონული ვერსია აიტვირთება ვებ-გვერდზე - Humanringhts.ge