დედაქალაქის მერია ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადის სუბსიდირებას მოახდენს, - ამის შესახებ, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ საგანგებო ბრიფინგზე განცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით. თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გადასახადი მოსახლეობისათვის თითქმის გათანაბრდა და თბილისის მერია მზად არის შესაბამისი ზომების გასატარებლად იმისთვის, რათა ჩვენს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ახალი ტარიფი მძიმე ტვირთად არ დააწვეთ, მათთვის განხორციელდება ელექტროენერგიის გაზრდილი დანახარჯის სუბსიდირება“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის შესყიდვის საუშალო შეწონილი ფასი , რომელიც იყო 5.480 თ/კვტსთ და ამჟამად 11.173 თ/კვტსთ გახდა. შესაბამისად მოიმატა დედაქალაქში სამომხმარებლო ტარიფმა.
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, დღგ-ს გარეშე, 101 კვტსთ-ის ჩათვლით - დენის ფასი 8.034 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, იქნება 11.000 თ/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით, 10.56 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, ფასი იქნება 14.400 თ/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი - 14.998 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, 18.200 თ/კვტსთ.
ახალი ტარიფის დადგენის მიზნით, "თელასმა" კომისიას მიმდინარე წლის 23 ივლისს მიმართა. კომპანიამ სატარიფო განაცხადის წარდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არსებითი ცვლილება, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილი ფასი და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდა დაასახელა.