2 სექტემბერს ისრაელის საელჩომ საქართველოში რაჭის რეგიონს ორი ფოტოგამოფენა გადასცა. ერთ–ერთი მათგანი, "ისრაელის ბუნება და ხედები" ამბროლაურის კულტურის ცენტრს გადაეცა. იგი 30 ფოტოსგან შედგება და ისრაელის სხვადასხვა კუთხეს ასახავს. მეორე გამოფენას კი "ისრაელის სახეები" ჰქვია და იგი ონის სინაგოგის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქალაქის კულტურის ცენტრში გამოიფინება.
რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორთან, ბატონ პაპუნა მარგველიძესთან შეხვედრისას ისრაელის ელჩმა საქართველოში, ბატონმა იუვალ ფუქსმა ხაზი გაუსვა საქართველოს რეგიონებთანნ თანამშრომლობას, როგორც ისრაელსა და საქართველოს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს. ელჩმა ფუქსმა გუბერნატორს უთხრა, რომ სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის დარგებში რაჭის რეგიონთან თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი არსებობს.
ბატონმა ფუქსმა გამოხატა დიდი სიხარული იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ბოლო ვიზიტის შემდეგ ამბროლაურში ვენახის მორწყვის სტრატეგიებთან დაკავშირებით ისრაელის კომპანია "ისრაგრინისა" და USAID/NEO-ს ერთობლივი სემინარი ჩატარდა.
ელჩმა ფუქსმა დასძინა, რომ რაჭას ყოველწლიურად უამრავი ისრაელელი ტურისტი სტუმრობს, რისი მიზეზიც შთამბეჭდავი ბუნება და უაღრესად სტუმართმოყვარე მასპინძლობაა და იმედი გამოთქვა, რომ ონის სინაგოგის 120 წლის იუბილე კიდევ ერთი მიზეზი გახდება სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. სწორედ ამიტომ, მან ამბროლაურსა და ონს ფოტოგამოფენები გადასცა, რომლებიც ისრაელის ბუნების სილამაზეს ასახავს.
რაჭის რეგიონში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ისრაელის ელჩი საქართველოში ამბროლაურისა და ონის გამგებლებს და სხვა ოფიციალურ პირებსაც შეხვდა.