ქუთაისში, დადიანი ქ. N5-ში მდებარე რეაბლიტირებულ შენობაში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 2540-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. უწყების ინფორმაციით, შენობაში სულ 65 ბინაა, აქედან 15-ერთოთახიანია, 10-ოროთახიანი და 40-სამოთახიანი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიანიჭა. აღნიშნული ქულები ქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე.
სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ დამატებითი დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებულ წინასწარ ქულებზე. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო განახორციელებს დევნილი ოჯახებისათვის მინიჭებული წინასწარი ქულების კორექტირებას (კორექტირებული სია გამოქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mra.gov.ge).
ბინების რაოდენობისა და კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს მონიტორინგის განყოფილებამ. აღნიშნული განყოფილება გადაამოწმებს მინიჭებულ ქულებს. ამასთან, უზრუნველყოფს დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლას.
მონიტორინგის განყოფილების მიერ გადამოწმებული განაცხადები, გადაწყვეტილების მისაღებად, წარედგინება დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას.
კომისია განიხილავს იმ დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხს, რომლებიც ცხოვრობენ, შესაბამისი საექსპერტო დასკვნის მიხედვით ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტებში და რომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საფუძველია ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება.
ბინების განაწილების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართება და მასში ჩართულები იქნებიან სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დევნილთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც გამოქვეყნებულ სიაში აღმოაჩენს რაიმე სახის უზუსტობას, შეუძლია აღნიშნულის თაობაზე მიმართოს სამინისტროს, რომელიც თავს მხრივ მზადყოფნას გამოთქვამს, კონფიდენციალურობის სრული დაცვით გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია.