"რუსთავი 2", ბრძოლის ველზე უფრო დახვეწილია, ვიდრე იგივე ის პოლიტიკური თოქ-შოუ, რომელიც დაიხურა, - ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ,,იმედის” თოქ-შოუების” დახურვა ხელისუფლებას არ აწყობდა.
,,ბევრი ბრალდება არსებობს ისეთი, რომელსაც პასუხი არ უნდა გასცე. ნებისმიერი ნაბიჯი მედიის შეზღუდვის მხრივ ნებისმიერ ხელისუფლებას უხერხულ პოზიციაში ჩააყენებს და ასეთი მაგალითი საქართველოს ისტორიას ბევრი ჰქონია. ჩემი აზრით, "რუსთავი 2", როგორც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ნაწილი პროპაგანდისტული ბრძოლის ველზე უფრო დახვეწილია, ვიდრე იგივე ის პოლიტიკური თოქ-შოუ, რომელიც დაიხურა. ამ 6 თვის მანძილზე, "რუსთავი 2"-ს პრაქტიკულად მთლიანად ექნება დათმობილი საკონკურენციო ველი. მე მგონია, პროდუქტი, რომელსაც "იმედი" შემოგვთავაზებს, იქნება სწორედაც რომ გარკვეული დასკვნა იმის თაობაზე, რა მოხდა რეალობაში. მანამდე კი, კონკურენტი აღარ არსებობს საინფორმაციო ველზე და ბურთი და მოედანი "რუსთავი 2"-ს დარჩა. მეორე შედეგი მივიღეთ ის, რომ ინდმეწარმის დონეზე მყოფ პარტიებს თუ სხვებს მიეცათ საშუალება, ახალი შეტევა მიიტანონ ხელისუფლებაზე, რომელსაც სწორედ მედიათავისუფლების სფეროში ევროპაში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა", - განაცხადა ვოლსკიმ და დასძინა, რომ აქედან გამომდინარე შეუძლია ყველას, გააკეთოს დასკვნა, თუ ვის აწყობდა "იმედზე" თოქ-შოუს დახურვა.