საქართველოს თავდაცვის მინისტრმა "ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში" საჯარო გამოსვლისას, საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, რუსეთის გავლენა მხოლოდ მცოცავ ანექსიაში არ გამოიხატება.
,,სოკოებივით მრავლდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, ხალხი, რომელთა შესახებაც არავის სმენია, გამოდიან ტელევიზიით, აძლევენ ინტერვიუებს და შემდეგ ხდებიან ექსპერტები, რომელთაც მაღალი ანაზღაურება აქვთ. ჩვენ ასევე ვხედავთ გავლენას ქართულ მედიაზე. ჯერ კიდევ რთულია, ვთქვათ ას პროცენტიანი დარწმუნებით, რომ რუსეთი უხდის მათ, თუმცა ვხედავთ, რომ განწყობა იცვლება. ასევე ჩვენ გვყავს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ოფიციალურად და საჯაროდ არიან პრორუსულები", - აღნიშნა თინათისნ ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტები ყოველთვის საეჭვოდ ემთხვევა საქართველოში რუსეთის მოქმედებებს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ბურჯანაძე სააკაშვილის ყოფილი მეგობარია.
"საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი და სააკაშვილის ყოფილი მეგობარი ჩადის მოსკოვში, ხვდება პუტინს. არავინ იცის რაზე საუბრობენ ისინი, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ის ჩადის მოსკოვში და ბრუნდება შემდეგ უკან, საქართველოში რაღაც საშინელება ხდება. მაგალითად, სამხრეთ ოსეთში ე.წ საზღვრის გადმოწევის ბოლო შემთხვევა, რომელიც სწორედ მისი მოსკოვიდან დაბრუნების მეორე დღეს მოხდა", - აღნიშნა ხიდაშელმა.
საჯარო გამოსვლისას მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის ომი მაშინ დაიწყო, როდესაც ნატომ უარი თქვა გაფართოებაზე. ხიდაშელის შეფასებით, ნატო-ს მიერ გაფართოებაზე უარის თქმა რუსეთმა აღიქვა, როგორც მწვანე შუქი საქართველოში მოქმედებების დაწყებისთვის.