შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული ვაღინაკ გ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანიდან 80 აბი სამედიცინო პრეპარატი „კოდოლიპრანი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,76 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება კოდეინს შეიცავს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).