მისი დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ მე იქ არ უნდა დავრჩენილიყავი. ამის შესახებ სასამართლო პროცესზე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულმა, მიხეილ ძაძამიამ განაცხადა.
"მისი დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ მე იქ არ უნდა დავრჩენილიყავი. ჟვანია ძალიან კეთილი და კარგი ადამიანი იყო, თუმცა გაბრაზება ძალიან მკაცრი იცოდა. ერთხელ გამიბრაზდა და სასწაული სიტყვები მითხრა. მისი გადაწყვეტილება იყო, რომ მე იქ არ უნდა ვმდგარიყავი", - განაცხადა მიხეილ ძაძამიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია ჟვანიას უბედური შემთხვევით გარდაცვალებაში.
„დარწმუნებული ვარ, ზურაბ ჟვანია უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, თუ ასე არ არის, ჩამსვით ციხეში უმაღლესი სასჯელით. თუ ასე არ არის, გამოვიდეს პროკურატურა და ჩამსვან ციხეში. მომისაჯონ უმაღლესი სასჯელი. მე ამ ფაქტში დანაშაულის კვალი ვერ დავინახე", - განაცხადა ძაძამიამ.
ძაძამიამ ასევე აღნიშნა, რომ ინფორმაცია ჟვანიას კონსპირაციული გადაადგილებისა და ბინების შესახებ მხოლოდ მას გააჩნდა და მასვე მიჰყავდა საკუთარი ავტომობილით. ადგილზე კი უზრუნველყოფდა იმას, რომ ჟვანია კონსპირაციულ ბინაში შესვლისა და გამოსვლის დროს არავის დაენახა.
მისი თქმით, საკუთარ ავტომობილს სხვადასხვა სანომრე ნიშნებს უკეთებდა, რათა ყოფილი პრემიერის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულიყო. კონსპირაციული ბინები კი იმის მიხედვით ირჩეოდა, სადაც ნაკლები მოძრაობა და განათება იყო. მისამართი კი, სადაც ყოფილი პრემიერი იმყოფებოდა, როგორც ძაძამია ამბობს, მხოლოდ მისთვის იყო ცნობილი.
მიხეილ ძაძამიას თქმით, ჟვანიამ იგი ოპერაში გააგზავნა, ხელოვნური წვერი აყიდინა და შენიღბული გადაადგილდებოდა კონსპირაციული შეხვედრების დროს. გარდაცვალების ღამეს, როგორც ძაძამია იხსენებს, ჟვანია საბურთალოს ქუჩაზე ხელოვნური წვერით მივიდა.
ძაძამიამ ასევე განაცხადა, რომ პრემიერის სახელის გატეხვა არ სურდა და სწორედ აქედან გამომდინარე, დაბნეულობის ნიადაგზე უსუპოვის ცხედარი სახლიდან გაიტანეს, შემდეგ კი დააბრუნეს.