სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია გენერალ-მაიორ ზაზა გოგავას ხელმძღვანელობით ნეაპოლში იმყოფებოდა.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, შეხვედრაზე "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ნეაპოლის საზღვაო ძალების გაერთიანებულ სარდლობას შორის ოპერაცია "აქტიური ძალისხმევის" განხორციელებაში, საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობის თაობაზე ურთიერთგაგების ტაქტიკურ მემორანდუმს" მოეწერა ხელი.
ოპერაციის მიზანია მისი მოქმედების არეალში ხმელთაშუა ზღვაში, გიბრალტარის სრუტესა და მის მიმდებარე საზღვაო სივრცეში, ტერორისტული აქტების განხორციელების ნებისმიერი მცდელობის პრევენცია, გამოვლენა და აღმოფხვრა.
შეთანხმების ძირითად მნიშვნელობას წარმოადგენს - "NATO"-სთან თანამშრომლობის სფეროში (საზღვაო უსაფრთხოების, ტერორიზმთან ბრძოლის) გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, საქართველოს პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე.
ზემოაღნიშნული შეთანხმება პარლამენტში რატიფიცირების შემდეგ შევა ძალაში.