დღეს, 31 ივლისს ძალაში შევიდა კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ. ახალი კანონი ითვალისწინებს ეკონომიკურ სტიმულირებას ბიზნესისათვის, სოციალურ შეღავათებს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისათვის და მიზნობრივ ფინანსურ დახმარებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისათვის.
კანონპროექტი, რომელიც მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტმა, შეიმუშავა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO), ავსტრიის განვითარების სააგენტოსა (ADC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.
„კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ ითვალისწინებს ობიექტური კრიტერიუმების შემოღებას, რომელთა საფუძველზე მთაში მდებარე დასახლებებს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, ხოლო მათი მოსახლეობა და იქ მოქმედი საწარმოები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით. მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისათვის საჭირო თანხა ყოველწლიურად ჩაიდება სახელმწიფო ბიუჯეტში“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - თენგიზ შერგელაშვილმა.
ახალი კანონით გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები მაღალ მთაში მოქმედი გარკვეული საწარმოებისათვის, ფინანსური და სოციალური დახმარება მაღალმთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის, სახელფასო დანამატები პედაგოგებისა და მედიცინის მუშაკებისათვის, სოციალური დახმარება პენსიონერებისათვის, შეღავათები ელექტროენერგიით სარგებლობისას და გათბობით უზრუნველყოფის საკითხში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას.
საჭირო თანხები აკუმულირდება სახელმწიფო ბიუჯეტის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იქმნება მთის ეროვნული საბჭო, რომელიც, კანონში აღწერილი კრიტერიუმების საფუძველზე, მოამზადებს დასახლებათა სიას მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მისანიჭებლად. აღნიშნული სიას, საბოლოოდ, საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
„ახალი კანონი ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას და მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებასა და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას. ის ხელს შეუწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ეკონომიკურ განვითარებას საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში“,- თქვა შომბი შარპმა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ.
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისმა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტომ (ADC) საექსპერტო დახმარება გაუწიეს საქართველოს მთავრობას მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის შემუშავებაში. გარდა ამისა, ამ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში შედგა გამოცდილებისა და ექსპერტიზის გაცვლა სამი მაღალმთიანი სახელმწიფოს - საქართველოს, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობებსა და პარლამენტებს შორის, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, ზოგადად, საქართველოს რეგიონული მმართველობის განვითარებას.