საქართველო პრაქტიკულად, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ბოლო ეტაპზეა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს ხვდება.
მისი ინფორმაციით, ყველა ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოშია გადაგზავნილი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, პარლამენტმა სამივე მოსმენით უკვე მიიღო.
„ზოგიერთი უკვე ძალაშია, პრეზიდენტს ხელი აქვს მოწერილი და მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონს ველოდებით. პრაქტიკულად, ყველაფერი დანარჩენი დასრულებულია და საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სექტემბრში, როდესაც ევროკავშირის შემფასებელთა მისია ჩამოვა, ყველა ვალდებულება, რომელიც ევროკავშირისგან გვქონდა, შესრულებული იყოს“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ გუშინ, ვიზალიბერალიზაციასთნ დაკავშირებით, დონალდ ტუსკმა ძალიან ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა.