დონალდ ტუსკის აქ ყოფნა, საქართველოსა და ევროკავშირის უწყვეტი პარტნიორობის და საერთო ღირებულებების გამოხატულებაა, _ამის შესახებ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან პირისპირის შეხვედრის დროს მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა.
მარგველაშვილმა სტუმარს მადლობა გადუხადა, რთულ ვითარებაში, საქართველოში სტუმრობისთვის.
,,ბატონო პრეზიდენტო, გულითადად მოგესალმებით და მსურს მადლობა გადაგიხადოთ, რომ ამ თულ ვითარებაში, რომელიც ახლა საქართველოშია, თქვენ გამონახეთ დრო ჩვენს ქვეყანაში ვიზიტისათვის და ყურადღება გაამახვილეთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე.თქვენი აქ ყოფნა, საქართველოსა და ევროკავშირის უწყვეტი პარტნიორობის და საერთო ღირებულებების გამოხატულებაა; ადასტურებს, რომ ჩვენ მომავალისადმი საერთო ხედვა გვაქვს და, რა თქმა უნდა, იმ რთულ პერიოდში, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და საქართველოს სუვერენული ტერიტორიის უწყვეტი ოკუპაციის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და ევროკავშირის ლიდერი, რომელიც ფიქრობს თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და ქვეყნის თავისუფალ არჩევანზე, სტუმრობს საქართველოს.მოხარული ვარ მოგესალმოთ საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ ახლა ჩვენს ქვეყანას ახალ რანგში სტუმრობთ და მჯერა, რომ თქვენს ვიზიტს საქართველოსათვის ისტორიული მნიშვნელობა ექნება. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით საქართველოში სტუმრობისათვის. ეს არის ჩვენი უწყვეტი სვლა და ვხედავთ, რომ მივდივართ მომავლისაკენ საერთო მიმართულებით. კიდევ ერთხელ გმადლობთ”, _განაცახდა პრეზიდენტმა.