საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მაძრაობის“ თავმჯდომარემ აკაკი ბობოხიძემ მოქმედი ხელისუფლება რუსეთის შეკავების შანსის დაკარგვაში დაადანაშაულა. როგორც უმცირესობის წევრმა „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა, საქართველო უკრაინის პროცესების დროს ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო.
„საქართველომ სამწუხაროდ უკრაინის პროცესების დროს გაუშვა შანსი იმისა, რომ საქართველო ყოფილიყო ამ პრობლემების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. ჩვენ დღეს ნოლიდან უნდა დავიწყოთ, მაგრამ მაინც უნდა დავიწყოთ“, - განაცხადა პარლამენტარმა.
ამასთანავე აკაკი ბობოხიძემ მცოცავი ანექსიის შეჩერებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას რეკომენდაციები მისცა.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აქტიურად იმუშაოს საერთაშიორისო თანამეგობრობასთან. საქართველოს ხელისუფლებამ იმ ტერიტორიებზე პოლიციის ბლოქპოსტები (არა მძიმე შეიარაღებით) უნდა განათავსოს. სადაც ქართული პოლიცია დგას, რუსები ერიდებიან შემოსვლას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.