საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ოსური მხარის მადლობას სერიოზულად არ აღიქვამს. როგორც „ქართული ოცნების“ წევრმა „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის განცხადებაზე საქართველოს ხელისუფლება სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს.
„რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი, ე.წ. თვითაღიარებული [სამხრეთ] ოსეთის ხელისუფალი, რა განცხადებას გააკეთებს, მე მგონი, ამაზე ჩვენი მხრიდან სერიოზული კომენტარი არ უნდა გაკეთდეს. ვის უხდის მადლობას - ეს არასერიოზულია. ეს მისი უფლებაა. ალბათ, მან პუტინს უნდა გადაუხადოს მადლობა იმისთვის, რაც ხდება“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, 16 ივლისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დიმიტრი ტასოევმა განაცხადა:
„მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმის გამო, რომ ამ საკითხზე თავისი განცხადებებით ფაქტიურად სცნეს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თუ თბილისი ამას დე-იურედაც გააკეთებს, შესაძლებელი იქნებოდა ერთად განგვეხორციელებინა ჩვენს ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია და დელიმიტაცია, რაც მრავალ კითხვას მოხსნიდა.“