საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს სამოქალაქო პოზიციის გამო მადლობა გადაუხადა, ანდრო ბარნოვი კი გააკრიტიკა. ასე გამოეხმაურა რესპუბლიკელი „რეაქციის“ ეთერში საპროტესტო აქციას საოკუპაციო ხაზსთან ახალი სასაზღვრო ნიშნის დადგმის წინააღმდეგ.
„მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო და დავუდასტურო პატივისცემა იმ ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც მყისიერად მივიდნენ და საკუთარი პროტესტი გამოხატეს მაშინვე, როგორც კი ბანერი გაჩნდა. ეს იყო იმის დადასტურება და დემონსტრირება, რომ ქართული საზოგადოება ფხიზლად ადევნებს თვალს ოკუპანტის ქმედებებს.
მე როდესაც ვლაპარაკობ ჟურნალისტებზე, რომლებიც მაშინვე მყისიერად მივივდნენ, ვგულისხმობ იმ ჟურნალისტებს, ვინც გამოხატა ეს პოზოცია ძალიან კორექტულად და ოპერატიულად. რაც შეეხება პოლიტიკურად ანგაჟირებულ ორგანიზაციებს (თავისუფალ ზონას, ან ბარნოვის გუშინდელი პოზიორობა კამერების წინ) – ეს უკვე იყო პოლიტიკური ქმედება არც თუ ჭკვიანური და უხიფათო. ერთის მხრივ, ძალიან კარგია, რომ მყისიერად ხდება პროტესტი ისე, რომ პროვოკატორ რუსულ მხარეს არ აძლევ საშუალებას გაარღმავოს პროვოკაცია, და მეორე არის – როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური ძალა იქცევა ისე, რომ რუსეთის მიერ წამოწყებულ პროვოკაციას ხორცი შეესხას“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.