უმცირესობის დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ეკა ხერხეულიძემ პაატა ზაქარეიშვილი კრემლის რენეგატობაში დაადანაშაულა. როგორც პარლამენტარმა „რეაქციის“ ეთერში განაცხადა, სახელმწიფო მინისტრი საოკუპაციო ძალების მიერ ახალი სასაზღვრო ბანერის დადგმის ფაქტზე ქმედითად არ რეაგირებს. გარდა ამისა, ეკა ხერხეულიძემ მინისტრი ფილიპე მახარაძეს შეადარა.
„ზაქარეიშვილი არის კლასიკური ნიმუში იმისა, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მოღალატე ადამიანი, რომელიც, ჩვენდა საუბედუროდ, მთავრობის ნაწილი გახლავთ. ამ მინისტრს უშუალოდ ევალება მსგავსი თემების დარეგულირება, თუმცა ჩვენ სახეზე ვიღებთ რას: ადამიანი გველაპარაკება ცინიკური გამონათქვამებით, რომ საზღვარი არ გადმოწეულა. ეს იწვევს აღშფოთებას. <...> ჩემს წარმოდგენაში ზაქარეიშვილი გახლავთ ფილიპე მახარაძე, რომელსაც არ აქვს ნება არც ბრძოლის, არც წინააღმდეგობის, არც თავისი პოზიციის დაფიქსირების. ეს არის რენეგატი ადამიანი, რომელიც ახორციელებს კრემლის პოლიტიკას, ბუნებრივია, მას მწვავე პროტესტი არასდროს არ ექნება“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.