სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განმარტა, თუ რატომ არ იმყოფებოდნენ მთავრობის წევრები გადმოწეულ საოკუპაციო ხაზთან ხურვალეთში. როგორც მინისტრმა „რეაქციის“ ეთერში განაცხადა, მისი ჩასვლა ადგილზე იქნებოდა აღთქმული როგორც პროვოკაცია.
„პოლიტიკური გადაწყვეტილებები ადგილზე არ მიიღება - მიიღება სხვა ადგილებში და შესაბამისად ჩვენ ვიმყოფებით იქ, სადაც საჭიროა. მე რომ ჩავსულიყავი, როდესაც ბანერს ხსნიდნენ, ეს იქნებოდა პროვოკაციულად აღთქმული“, - განაცხადა მინისტრმა.
ამასთანავე პაატა ზაქარეიშვილმა ჩამოთვალა ხელისუფლების სტრუქტურები, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან და სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებენ.
„დღეს იქ იყო ჩასული სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იქ იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი ქვედანაყოფებით, ანუ ხელიშუფლება ახორციელებს იმ ღონიცძიებებს, რასაც თვლის საჭიროდ, რათა ადგილზე უსაფრთხოება იყოს დაცული. <...> სახელმწიფო არის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით და ის იცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს, უსაფრთხოებას, როგორც ქართველი გლეხების, ასევე ჟურნალისტების და ყველა იმ ადამიანის, ვინც სხვადასხვა მიზეზით ადგილზე იმყოფება“, - აღნიშნა მინისტრმა.