პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ღიაობის უზრუნველსაყოფად ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ შემუშავებული 2015-2016 წლების სამუშაო გეგმა დაამტკიცეს.
ბიუროზე დავით უსუფაშვილმა „ღია მმართველობა პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობასა და „ღია პარლამენტის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„შეგახსენებთ, ეს არის ის პროგრამა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ხორციელდება და საქართველოს მთავრობა აქტიურად არის ჩართული. საქართველოში იყო ძალიან სერიოზული წარმომადგენლობითი კონფერენცია თვენახევრის წინ. პარლამენტი ჩართულია ამ პროცესში. ჩვენ, ჩილეს პარლამენტთან ერთად ვართ ერთ-ერთი მოწინავე პარლამენტი ამ ნაწილში. სექტემბერში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში, მერე მექსიკაში მსოფლიო ფორუმია ამ საკითხებზე. ასევე პარლამენტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც დარიგებულია. ამაზე იყო მსჯელობა რამოდენიმეჯერ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენბლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად”, _განაცახდა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, გეგმა არის საკმაოდ ამბიციური.
,,სწორედ იმ ტემპებშია რა ტემპებითაც გვინდა ქვეყნის მოდერნიზაცია, ევროპული სტანდარტები და ა.შ. პარლამენტმაც ფეხი უნდა ავუწყოთ ამ ტემპს. საუბარია ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივებზე იმისთვის, რომ პარლამენტის საქმიანობა უბრალოდ გამჭვირვალე კი არ იყოს საზოგადოებისთვის, არამედ უკეთ გასაგები იყოს საზოგადოებისთვის“, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.