პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს #16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულებაში იმყოფებოდა. მან მსჯავრდებულებს სიტყვითაც მიმართა. პრემიერმა დაწესებულება დაათვალიერა და პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
"მე არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის ემოციები და შთაბეჭდილება, რომლებიც ჩვენ ყველას შეგვექმნა, რუსთავის მეთექვსმეტე ციხის ნახვით, ის რაც ჩვენ ვნახეთ არის რევოლიციური. ყველას კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ციხეებში. ადამიანის წამება, გაუპატიურება და მკვლელობა, პირდაპირი მნიშვნელობით პატიმრების და არავითარი ზრუნდა მათზე. მადლობას ვუხდი ბატონ სოზარს მის დროს დაიწყო ეს რეფორმები ბატონი ბიძინას ივანიშვილის ინიციატივით და ეს არის ძალიან სწორი და სახელმწიფოებრივი მიდგომა. იმიტომ, რომ ჩვენ არა მხოლოდ გარემყოფ ადამიანებზე და მოქალაქეებზე უნდა ვიზრუნოთ, არამედ ჩვენს პატიმრებზეც. სწორედ პირველად სახელმწიფო ხარჯავს მილიონებს პატიმრების მკურნალობისთვის. ყველას კარგად გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ციხეებში და რა მდგომარეობაა დღეს. მეთექვსმეტე დაწესებულებაში იყო კატასტროფული მდგომარეობა. ქალბატონი თინა მესაუბრებოდა, რომ მას თავად აქვს ნანახი ოთახში 40-მდე პატიმარი იყო მანამდე, გასულ წლებში ზოტა მოზრდილებში - 150, გაურემონტებელ საშინელ მდგომარეობაში იყო ციხე. დღეს ნახეთ ალბათ და იმედი მაქვს, რომ ჟურნალისტები და მათ უკან მდგომი ადამიანები მისცემენ საშუალებას მოსახლეობას, ნახონ ეს სხვაობა, ის დიდი კონტრასტი, რაც გვაქვს. იქ არის თანამედროვე საავადმყოფო, სპორტული მოედნები, ბიბლიოთეკა და მთელი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომლებიც ჩვენს პატიმრებს მოემსახურება.
ეს არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ჩვენ პირველად რევოლუციური მიდგომა განვავითარეთ, რაც გულისხმობს იმას, რომ მოხდა კლასიფიკაცია მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით. ამ ციხეში არიან ნაკლებად საშიში პატიმრები - ისინი, რომლებიც კარგად იქცევიან, რომლებმაც დაიმსახურეს და დაამტკიცეს, რომ არიან გამოსწორების გზაზე. ეს იქნება კარგი მოტივაცია პატიმრებისთვის, რომ ისინი მოხვდნენ ამ ახალ დაწესებულებაში. თუმცა, ერთი ნაკლი მაინც აქვს, მემგონი, ამ ციხეს. მე და ქალბატონი თინა ვხუმრობდით, რომ მიშა აკლია ამ ციხეს. ვერ მოხვდებოდა, ხომ? ცუდად მოიქცეოდა, თუმცა, ყველაფერი წინ აქვს", - თქვა პრემიერმინისტრმა.