ადამიანები, რომლებიც 13-14 ივნისს სტიქიას, ხოლო შემდგომ პერიოდში მის შედეგებს ებრძოდნენ, ჩვენს თვალწინ დაბადებული გმირები არიან და მათი იმედი ქვეყანას ნებისმიერ სხვა მძიმე ვითარებაში შეიძლება ჰქონდეს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ ფოტოგამოფენაზე განაცხადა, სადაც პრემიერმა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები სტიქიასთან ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისთვის დააჯილდოვა.
თინა ხიდაშელის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ადამიანებს იცნობდეს ქვეყანა.
,,ძალიან ბევრი აზრი გამოითქვა იმასთან დაკაშირებით, რომ ეს ხალხი საკუთარ ვალდებულებას ასრულებდა, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და როცა აკეთებ იმას, რაც გევალება, მადლობა რატომ უნდა გითხრან? მე არ ვიზიარებ ამ დამოკიდებულებას პრინციპულად, იმიტომ, რომ როცა ადამიანი თავს სწირავს, უნდა ვუთხრათ მადლობა და ეს მათ მოტივაციას უზრდის, რათა კიდევ უფრო მეტი მონდომებით და უკეთესად ემსახუროს სამშობლოს. ის ახალგაზრდები, რომლებიც იმ ღამეს და შემდეგ უკვე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ებრძოდნენ ჯერ სტიქიას და შემდეგ სტიქიის შედეგებს, ჩემი აზრით არიან ჩვენს თვალწინ, ჩვენს რეალობაში დაბადებული გმირები, რომელთა იმედიც სამშობლოს შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ სხვა მძიმე ვითარებაში. - განაცხადა მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სტრუქტურების თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს 30-მდე თანამშრომელი კი სახელმწიფო ჯილდოზეა წარდგენილი. 13 ივნისს მომხდარი სტიქიის ამსახველ ფოტოგამოფენაში „13 ივნისი“ მონაწილეობა მიიღო 24-მა ფოტოგრაფმა.