„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ არის თუ არა ის „კრემლის კაცი“. როგორც პოლიტიკოსმა "რეაქციის" ეთერში მოსკოვიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, ის, ვინც ოკუპანტ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, პოლიტიკური სიბრიყვით გამოირჩევა. მისივე თქმით, მოლაპარაკებები გვაძლევს საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანის შანს.
"ქართულ პოლიტიკაში კაცობა ჯობია თუ ქალობა ეს კიდევ ცალკე თემაა, იმიტომ რომ რასაც მე მამაკაცებს ვხედავ, როგორც წესი დიდად თავს ვერ იჩენენ ხოლმე ვერც კაცური სიტყვით, ვერც თავდაჭერით და ვერც სიმამაცით, - ირონიულად აღნიშნა ბურჟანაძემ, - არ მაინტერესებს, რას ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც ამოფარებული არიან პროდასავლურ დროშას, რომლებმაც დაივწყეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, და რომელთათვისაც მთავარია საკუთარი კარიერის შენარჩუნება და საკუთარ თანამდებობებზე ყოფნის გახანგრძლივება და ნამდვილად არ აინტერესებთ საქართველოს ბედი. როცა პოლიტიკოსი ლაპარაკობს იმას, რომ არ უნდა მოელაპარაკო, თუნდაც იმ ქვეყანას, რომელსაც შენს ქვეყანაში ჯარი ჰყავს განლაგებული, ეს ნამდვილად არის ან პოლიტიკური სიბრიყვე და უცოდინარობა, ან ის, რომ შენი ქვეყნის ინტერესები არაფრად არ გიღირს და შენ ემსახურები სხვა სახელმწიფოს ინტერესებს.“