საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განიხილეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განმარტა, პროექტის მიღების მიზანია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დაიხვეწოს პარლამენტის პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზებისა და პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის დროს დადგენილი რეაგირების მექანიზმების მარეგულირებელი ნორმები და მოხდეს მათი მკაფიოდ ჩამოყალიბება.
კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 133-ე მუხლის მე -10 პუნქტიდან, რომელიც შეიცავს საქართველოს პარლამენტის პლენარული და კომიტეტის სხდომების გაცდენის საპატიო მიზეზების ჩამონათვალს, ხდება „ოჯახური მდგომარეობის“ გამო სხდომის გაცდენის ამოღება. გარდა ამისა, ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 286-ე მუხლში, რაც ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული სანქციების გამოყენების მარეგულირებელი ნორმების სრულყოფასა და სამართლებრივი დახვეწას. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს განხილული საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.