ფონდ „სიცოცხლის ხის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ორგანიზებით, 14 ვინისს, საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ტერიტორიაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. სადღესასწაულო ღონისძიება ინკლუზიური ხასიათის იქნება და მას 150-მდე ბავშვი დაესწრება. ღინისძიებაზე მოწვეული იქნებიან „პირველი ნაბიჯი საქართველო“-ს დღის ცენტრების, სხვა სარეაბილიტაციო ცენტრების, კავშირების „მშობლეთა ხიდი“, „ანიკა“ და „წმნიდა მიქაელის სკოლის“ აღსაზრდელები და ბენეფიციარები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბანკის თანამშრომლები, მოხალისეების სტატუსით.
ფონდი „სიცოცხლის ხე“, რომლის სიმბოლოც ზრუნვას გულისხმობს, მუშაობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე, მათ შორის ხელს უწყობს შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნას და გრანტის სახით აფინანსებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ორიენტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე. საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ტერიტორიაზე 14 ივნისს დაგეგმილი ღონისძიება, მართლაც ერთგვარი დღესასწაული იქნება შშმ ბავშვებისთვის, რადგან დატვირთული იქნება ბევრი სახალისო აქტივობით. მათ შორის: გაიმართება შშმ ბავშვების ნამუშევრების გამოფენა, ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შექმნილი „პარაორკესტრის“ კონცერტი, საღებავებით ხატვა, ფერადი ცომით ძერწვა, ცარცით ასფალტის მოხატვა, ინტერაქტიული თამაშები, საყვარელი მულტფილმების გმირებთან შეხვედრა და საბავშვო კონცერტი.
„სიცოცხლის ხის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება 14 ივნისს 15:00-დან 17:00 საათამდე, საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ტერიტორიაზე, გაგარინის ქუჩა 29ა, სანაპიროს მხრიდან.