სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე რუსეთ-საქართველოს საკითხზე რეზოლუციას აღარ მიიღებენ.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ ვითარებაზე ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა რეზოლუციის ერთიანი ტექსტის მომზადებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ამიტომ თავდაპირველად გადაწყდა, რომ მომხსენებლები რეზოლუციის ორ ალტერნატიულ ტექსტს - მათიას იორშისა და დევიდ უილშირის მოხსენებებს ცალ-ცალკე განიხილვდნენ.
"მას შემდეგ რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დევიდ უილშირის მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩთან ვიზიტი გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ამით ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საერთაშორისო პრინციპები დაარღვია, უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა და 25 აპრილს, კვირას ევროსაბჭოს კომიტეტის სხდომა დაინიშნა. სხდომაზე გადაწყდა, რომ დევიდ უილშირის სეპარატისტების ე.წ. ელჩთან ვიზიტი საერთაშორისო ნორმების დარღვევა იყო, ამიტომ საპარლამენტო სესიაზე რეზოლუციის ტექსტის განხილვა დღის წესრიგიდან მოიხსნა", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე ინფორმაციით, ევროსაბჭომ დევიდ უილშირის მიერ მომზადებული დასკვნა არასარწმუნოდ მიიჩნია.
"რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომდევნო რეზოლუციის მომზადება გარკვეული დროით გადაიდო. ერთის მხრივ ეს ცუდია, რადგან იმედი გვქონდა, რომ საკმაოდ პოზიტიური დოკუმენტი იქნებოდა, თუმცა მეორის მხრივ შეგვიძლია ქართული მხარის კიდევ ერთ გამარჯვებად ჩავთვალოთ, რადგან საერთაშორისო დონეზე უკანონობის აღკვეთა მოხერხდა", - აღნიშნა საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის საკითხებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არაერთი რეზოლუცია უკვე მიიღო, რომლებშიც მოსკოვისგან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების გაუქმება მოსთხოვა. აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები - მათიას ეორში, დევიდ უილშირი, მონიტორინგის დეპარტამენტის აგნეჟკა ნაჩილო და მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში საბრინა ბუეშერი რამდენიმე კვირის წინ თბილისში, სოხუმსა და გალის რაიონში იმყოფებოდნენ. დელეგაცია ცხინვალის რეგიონში ცხინვალის რეჟიმმა არ შეუშვა, რის შემდეგაც ერთ-ერთი თანამომხსენებელი დევიდ უილშირი მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საელჩოში ინფორმაციის მისაღებად მივიდა, რასაც ქართული მხარის პროტესტი მოჰყვა.