ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის იმ სკოლების საკითხი, სადაც სწავლება დღემდე საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შედგენილი სასწავლო პროგრამით ხორციელდება, ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებისთვის უპირველეს საზრუნავად გადაიქცა.
ადგილობრივ განათლების სამინისტროს ,,ამ პრობლემის” მოგვარება ჯერ კიდევ ორი თვის წინ დაევალა და ახლა მათი მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ მომავალი სასწავლო წლიდან ამ სკოლებში სწავლება აფხაზური პროგრამით გაგრძელდეს.
ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ოკუპირებული აფხაზეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვარამია ესაუბრა.
მისი თქმით, პრობლემა მარტო იმაში კი არ არის, რომ გალის რაიონის ზოგიერთ სკოლაში სწავლის პროცესი ქართულ ენაზე მიდმინარეობს, არამედ იმაში, რომ სასწავლო სახელმძღვანელოები საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ არის შექმნილი და მათში ქართული იდეოლოგიაა გატარებული.
,,საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გამოცემულ წიგნებში იდეოლოგიური მომენტები სჭარბობს, რაც არათუ ვნებს აფახზეთის მოსახლეობას, არამედ სახელმწიფოსთვის საშიშროებასაც წარმოადგენს.”- მიაჩნია გვარამიას.
მისი თქმით, ცნობილია ის ფაქტი, რომ გალის რაიონის სკოლების ზოგიერთი პედაგოგი ხელფასს საქართველოდანაც იღებს, რაც მათ ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს.
,,ეს ფაქტი საქართველოს მიზანმიმართულ პოლიტიკას ამტკიცებს. შესაბამისად, აუცილებელია აფხაზეთში ეს პოლიტიკა მოისპოს. ამისთვის კი, უპირველესად, საჭიროა გალის რაიონის სკოლებში ქართული სასწავლო პროგრამით სწავლება შეწყდეს.”- განაცხადა დიმიტრი გვარამიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მათი სამინისტროთვის მიცემული დავალება, გალის რაიონის დაბალი ზონის სკოლები აფხაზურ სტანდარტებზე გადაიყვანონ, აუცილებლად შესრულდება.
გვრამიას თქმით, მომავალი სასწავლო წლიდან, ძირითადი აქცენტი დაწყებით კლასებზე გაკეთდება, თუმცა თანდათანობით აფხაზურ სწავლებაზე მაღალი კლასის მოსწავლეებიც უნდა გადავიდნენ.
რამდენიმე თვის წინ, აღნიშნული საკითხის განხილვისას, გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაიაც აცხადებდა, რომ ისინი ქართული ენის წინააღმდეგნი კი არა, ,,იმ იდეოლოგიის წინაღმდეგნი არიან, რომელიც აფხაზეთის სახელმწიოფებრიობას არ აღიარებს” და ამიტომაც სურდათ სკოლებში აფხაზური პროგრამების შემოღება.
თუმცა ნადარაია იმასაც აღიარებდა, რომ ახლა სწავლებიდან ქართული სახელმძღვანელოების ამოღება უაზრობა იქნებოდა, რადგან მაღალი კლასის მოსწავლეებს, რომლებიც ქართულის გარდა სხვა ენას ვერ ფლობენ, პირდაპირ აფხაზურ ან რუსულ ენაზე სწავლის გაგრძელება გაუჭირდებოდათ.
,,ამიტომ ისინი სწავლას ისევ ქართულ ენაზე გააგრძელებენ და სკოლასაც ქართული წიგნებით დაამთავრებენ. სწავლების აფხაზური პროგრამა კი დაწყებით კლასებში უნდა დავნეგრგოთ.” - აცხადებდა ნადარაია.
მიუხედავადა ამისა, დიმიტრი გვარამიას განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს, რომ მომავალი სასწავლო წლიდან აფხაზურ სწავლებაზე გალის რაიონის სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეებიც გადავიდნენ.
ამასთან, გვარამიაც არ უარყოფს, რომ აფხაზურ პროგრამაზე გადასვლისას ენობრივი პრობლემები არათუ ქართველ მოსწავლეებს, არამედ იმ პედაგოგებსაც შეექმნებათ, რომლებიც რუსულ და აფხაზურ ენებს ვერ ფლობენ.
,,დავალება არც ისე მარტივია. ძირითადი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ გადასამზადებლები არიან ის პედაგოგები, რომლებიც არათუ აფხაზურ ენას, სათანადოდ რუსულსაც ვერ ფლობენ. ამიტომ, ამჟამინდელი ცოდნით მათ მიერ რომელიმე საგნის სწავლებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.” - აღნიშნა დიმიტრი გვარამიამ.
შეგახსენებთ, გალის რაიონში სულ 20 სკოლა მოქმედებს, ე. წ. მაღალი ზონის სოფლებსა და ქალაქ გალში არსებულ სკოლებში დიდი ხანია სწავლება აფხაზური პროგრამით მიმდინარეობს, ხოლო დაბალის ზონის სოფლების 11 სკოლაში სწავლის პროცესი აქამდე საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული გეგმით ხორციელდებოდა.