თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა - ლია ჯახველაძემ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა თბილისის მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის 124-ე საჯარო სკოლაში გამართულ თემატურ ინტელექტუალურ ვიქტორინაში მონაწილეობა მიიღეს.
შეჯიბრის დაწყებამდე, საკრებულოს წარმომადგენლები სკოლის დირექციას შეხვდდნენ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. თემატური ვიქტორინის „ვიცნობთ თბილისს, ვეცნობით მსოფლიოს“ მიმდინარეობისას, ღონისძიებაში მონაწილე სკოლის მოსწავლეებს, ინტერნეტის საშუალებით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მიესალმა და კითხვა დაუსვა.
ღონისძიების დასასრულს, ინტელექტუალურ შეჯიბრში გამარჯვებული ახალგაზრდების გუნდს ლია ჯახველაძემ მაისურები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, პედაგოგიური კოლექტივი კი საკრებულოს სახელით მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. გარდა ამისა, სკოლაში, მაჟორიტარმა დეპუტატმა ლია ჯახველაძემ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი დაათვალიერა და იქ გამოფენილ ექსპოზიციას გაეცნო.
„ამ სკოლისთვის მსგავსი ღონისძიებები უცხო არ არის და ტრადიციად არის ქცეული. ინტელექტუალური თემატური ვიქტორინის დროს ბავშვები ძალიან კარგად იყვნენ მომზადებულნი და მოტივირებულნი. მოსწავლეების წარმატება, ჩვენი მხრიდან უყურადღებოდ არასოდეს დარჩება და ყოველთვის გვერდით დავუდგებით არამხოლოდ ამ სკოლას, არამედ ჩემს სამაჟორიტარო რაიონში არსებულ ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას“, - განაცხადა ლია ჯახველაძემ.