თბილისის მერიაში, პროექტ „ბიზნეს-ინკუბატორის“ ფარგლებში, თბილისის მერიას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
„ბიზნეს-ინკუბატორი“, იგივე FabLab, „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია. FabLab-ის მიზანია დამწყები მეწარმეების (Start Up-ების) და ინოვატორების ხელშეწყობა, რაც დაეხმარება და სტიმულს მისცემს ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებში მოეწყობა FabLab-ები - უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 2 ინოვაციური, სამრეწველო ლაბორატორია. აღნიშნული პროექტის განხორციელება თბილისს რეგიონში ერთ-ერთ პირველ ქალაქად აქცევს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების დარგში. პროექტის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება FabLab-ში მუშაობა და მისთვის საინტერესო პროდუქციის შექმნა, რომელიც შეიძლება იყოს:
- ტურისტული პროდუქტების წარმოება (თბილისის სიმბოლიკა და სხვა);
- ახალი შენობების, ხიდების და სხვა მსგავსი სახის კონსტრუქციების მოდელირება და მაკეტირება;
- კულტურულ ძეგლებზე დაზიანებული კომპონენტების რესტავრირება;
- მუნიციპალური სკოლების და ბაღების შიდა ინფრასტრუქტურისთვის (ინტერიერისკომპონენტები, სათამაშოების და სხვა) მაკეტების და მოდელების შემუშავება;
- თბილისის მასშტაბით ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის დეკორაციების, მაგიდების, სტენდების და სხვა რელევანტური ინვენტარის მოდელირება;
- ახალი მონუმენტების და ძეგლების მაკეტების შემუშავება;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინფრასტუქტურის მოსაწყობი სხვადასხვა ტიპის მაკეტების მოდელირება;
- სხვა ინოვაციური პროექტებისთვის თუ პროდუქტებისათვის მაკეტების და მოდელების შექმნა.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დაიწყება პროექტის აქტიური ფაზა - გარემონტდება საოფისე ფართები, შეძენილი იქნება სპეციალური აღჭურვილობა და დანადგარები. ორივე FabLab-ის გახსნა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში იგეგმება.