საქართველოს ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი თბილისის გარდა რეგიონებშიც აღინიშნა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს ბათუმში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს იუნკერების საფლავი და პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს. ანბანის კოშკთან კი დილიდან სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი. 6 მაისის პარკში დაგეგმილია სპორტული და გასათობი ღონისძიებები.
ზუსტად 20:00 საათზე კი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ათენიდან ოლიმპიურ ცეცხლს ელოდებიან.
ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ გარდაბანში. კონცერტისთვის ემზადებიან გორში. ქალაქის ცენტრში შეკრებილი არიან მოქალაქეები, რომლებიც სამხედრო ტექნიკის გამოფენას ათვალიერებენ.
დამოუკიდებლობის დღეს თელავშიც აღნიშნავენ. ერეკლე მეორის მოედანზე სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი, მოწყობილია ნახატებისა და წიგნების პავილიონები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. კულტურული ღონისძიებები ერეკლე მეორის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ღონისძიება გალაკონცერტით დასრულდება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ ზუგდიდში. მთელი დღის განმავლობაში ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. მოეწყო სამშვიდობო მარში ენგურის ხიდზე. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. ზუგდიდის ცენტრში სამხედრო და საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეცტექნიკა გამოიფინა.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრში მოეწყო პანტომიმის დასის მსვლელობა, ყვავილების გამოფენა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
26 მაისს აღნიშნავენ ახალციხეში, სადაც გაიმართა არაერთი კულტურული და სპორტული ღონისძიება, შეჯიბრი მძლეოსნობაში, ღვინის ფესტივალი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
საზეიმო ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს ფოთში. ზღვისპირა ქალაქში მოეწყო ნაოსნობა. გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები, ადგილობრივი მხატვრების და სტუდენტების ნამუშევრები. მიმდინარეობს წარმოდგენები და კონცერტები.